ფსიქოლოგიური დასკვნა


აგვისტო 2008

 

საექსპერტო ჯგუფის ფსიქოლოგიური დასკვნა-ანალიზი ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტზე

  

საექსპერტოდ მივიღეთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი.

შედგა სამუშაო ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაცია – ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის (ფფა) ბაზაზე, შემდეგი შემადგენლობით: სოფიო ვერულაშვილი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპვტი; თეონა ლომთაძე, ფსიქოლოგი; ხატია ყურაშვილი, ფსიქოლოგი.

დამუშავდა და გამოკვლეულ იქნა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსი შემდეგი კუთხით:

ა)     ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტში სათანადო შესწორებების შეტანა  და მისი პროფესიული და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით დასაბუთება და გამართვა;

ბ)   ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის პროფესიული (ფსიქოლოგიური) ანალიზი.

გ) ფსიქოლოგიურ-პროფესიული თვალსაზრისით არასრულწლოვანთა შესაბამის კატეგორიებად დაყოფა, მაუწყებელთა მიერ საკუთარი სამაუწყებლო ბადის შედგენისას, არასრულწლოვანთა თითოეულ გამოყოფილ კატეგორიაზე მავნე ზეგავლენის მოხდენის თავიდან აცილების მიზნით, შესაბამისი წყალგამყოფებისა ან/და დროითი შეზღუდვების ფარგლების დასაბუთებულად განსაზღვრა, პროგრამირების კრიტერიუმების დადგენა და პროგრამების კონტექსტისეული გადაცემის ფორმების პროფესიული შეფასება და დაჯგუფება წყალგამყოფების მიხედვით;

დ) ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” პროექტის, მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თემისადმი მიძღვნილი ნაწილის გადამუშავებული ვარიანტის წარმოდგენა, თანდართული პროფესიული მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნით;

წარმოდგენილი პროექტის ანალიზისა და ექსპერტიზისათვის გამოყენებულ იქნა შემდეგი

მეთოდოლოგია: სისტემური და თავისუფალი ანალიზი, ტვინის შტურმი, სამუშაო  შეხვედრები (ვორქშოფი), სტატისტიკური მონაცემების კრიტიკული ანალიზი;

აღნიშნული შრომის განხორციელებისას საექსპერტო  ჯგუფი დაეყრდნო თემაზე არსებული და აპრობირებული ფსიქოლოგიური და სოციალური მეცნიერებების ცოდნას (თეორიები, შრომები, კვლევები), ასევე, ასოციაციაში დაცულ  პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას, საქართველოში ჩატარებულ თემატური კვლევის მასალებსა და ნორმატიულ ბაზას,  უცხოურ (აშშ, კანადა, გერმანია, გაერთიანებული სამეფო) პრაქტიკასა და კვლევის მასალებს, აგრეთვე საერთაშორისო ნორმატიულ დოკუმენტებს (ბავშვთა უფლებების კონვენცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია).

                     საექსპერტო ჯგუფის მიერ პროექტში განხორციელებულია შემდეგი შესწორებები (ცვლილებები და დამატებები):

                1. თავი I. ზოგადი დებულებები, მუხლი 5. ტერმინთა განარტება

ა) დაემატა ამ კოდექსის მიზნებისათვის გამოსაყენებელ ტერმინთა განმარტებები, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ ფსიქოლოგიური შინაარსისაა და განუმარტაობამ შეიძლება გამოიწვიოს მისი არაერთგვაროვანი ინტერპრეტაცია:

მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი – მაღალი აქტუალობის მქონე იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ საჯარო ინტერესი და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა, რომელიც  ეხება პირთა ფართო წრეს ან  საზოგადოების ერთ კონკრეტულ ჯგუფსა და საჯარო ინტერესის სფეროს, ანუ სოციალური ზემოქმედებისაა და აყალიბებს საზოგადოებრივ აზრს ან/და იმ ფაქტისა ან/და მოვლენის შესახებ, რომელიც არასაჯაროა, მაგრამ ამოვარდნილია საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ნორმებიდან (ტრადიციებიდან, მორალური ნორმებიდან), მაგრამ დამკვიდრებული საზოგადოებრივი აზრის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს. 

სექსუალური სცენა – კადრი, რომელშიც ნაჩვენებია პერსონაჟთა ფიზიკური კონტაქტი სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით ან/და პერსონაჟი სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და მოქმედი სხვა პირთა სექსუალური აღგზნების მიზნით, რა დროსაც არ ჩანს შიშველი სხეული.

სქესობრივი აქტი - შთამომავლობის გაგრძელების მიზნით განხორციელებული შეუღლების ან სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული ჰეტეროსექსუალური, ჰომოსექსუალური ან სხვაგვარი პერსონაჟთა  ფიზიკური კონტაქტი, რა დროსაც ჩანს შიშველი სხეული, ან/და პერსონაჟის შიშველი სხეული სხვა პირთან კონტაქტის გარეშე, სექსუალური თვითდაკმაყოფილების ან/და სხვა პირთა სექსუალური აღგზნების პროცესში;

შიშველი სხეულიადამიანის სხეული, რომელზეც ჩანს სასქესო ორგანოები ან/და ქალის მკერდი სექსუალურ კონტექსტში;

სექსუალური კონტექსტი - სექსუალური ლტოლვის დაკმაყოფილების, თვითდაკმაყოფილების ან სხვათა აღგზნების მიზნით შიშველი სხეულის დემონსტრირება, აგრეთვე სექსუალური სცენა, სქესობრივი აქტი;

ეგზორციზმი – ფსიქიკური დარღვევების მკურნალობაში შელოცვის მეთოდების გამოყენება ავადმყოფის სხეულში თითქოსდა ჩასახლებული ეშმაკის განდევნის მიზნით, რომელმაც ავადმყოფში შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა;

ოკულტიზმი – მისტიკური მოძღვრება, რომლის მიხედვითაც ბუნებაში არსებობენ იდუმალი, ზებუნებრივი     ძალები, რომლებთანაც ადამიანებს შეუძლიათ დაამყარონ ურთიერთობა მაგიური მოქმედებით, ჯადოსნობით და მსგავსი საშუალებებით;

პარანორმალური მოვლენა -   მოვლენა, რომელიც მეცნიერულად არ დასტურდება, ანუ აქამდე მეცნიერებაში დაგროვილი ცოდნით არ აიხსნება; 

აგრესია – ინდივიდის განწყობა ან ქმედება, მიმართული ფიზიკური  ან ფსიქოლოგიური ზიანის მიყენებისაკენ. აგრესია შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდულაური ან კოლექტიური ქცევის სახით, შეიძლება  მიმართული იყოს სხვისკენ (ჰეტეროაგრესია) ან საკუთარი თავისკენ (ავტოაგრესია).

ოჯახური ძალადობა -   განმეორებადი და ხშირი ციკლი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური ან  ეკონომიკური  შეურაცყოფისა, რომელსაც ოჯახის ერთ წევრი ახორციელებს მეორეზე, მასზე კონტროლისა და ძალაუფლების მოპოვების მიზნით,  რეალური ქმედება ან მუქარა კონკრეტული პიროვნების მხრიდან, რომელიც პარტნიორთან სქესობრივ  ან სხვა ურთიერთობაში იმყოფება;

ვერბალური – სიტყვიერად გამოხატული ნიშნული მასალის ფორმა და ამ მასალაზე ოპერირების პროცესი;

არავერბალური – არასიტყვიერად გამოხატული ნიშნული მასალის ფორმა და ამ მასალაზე ოპერირების პროცესი ( მიმიკა, ჟესტი, თვალების მოძრაობა,პოზა და სხვა);

ჰიპნოზი – ადამიანის ფსიქიკის ძილისმაგვარი მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ცნობიერების შევიწროვებით, თავის ტვინის ქერქის შეკავებით და ქერქქვეშა სტუქტურების აქტივაციით, რომელიც განსხვავდება სიფხიზლისა და ჩვეულბრივი ძილისგან. ჰიპნოზის გამოწვევა ხდება ჰიპნოზიორის ვერბალური ან არავერბალური ზემოქმედებით ან/და თვითშთაგონებით (აუტოჰიპნოზი). ჰიპნოზური მდგომარეობა გავრცელების ხარისიხია და სიღრმის მიხედვით იყოფა მცირედ, საშუალოდ და ღრმად. ჰიპნოზის მდგომარეობაში ქვეცნობიერი სფერო კონცენტრირდება შთაგონებადი ინფორმაციის შინაარსზე; ამ ინფორმაციამ  შეიძლება გავლენა მოახდინოს  ადამიანის ქვცევაზე ჰიპნოზიდან გამოსვლისას;

ანტისოციალური ქცევა – საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმების საწინააღნდეგო ქცევა;

დევიაციური ქცევა – ანტისოციალური ქცევა, რომელიც ეწინააღმდეგება  საზოგადოებაში დამკვიდრებულ მორალურ ნორმებს;

დელიკვენტური ქცევა – ანტისოციალური ქცევა, რომელიც კანონსაწინააღმდეგოა;

ბრენდინგი – პროდუქტისადმი ხანგრძლივი უპირატესობის მინიჭების შემქმნელი აქტივობა, რომელიც ეფუძნება მარკეტინგული კომუნიკაციის ყველა სახის (უწინარესად პიარი და რეკლამა) და სხვა ელემენტების (შეფუთვა და სამარკო ნიშანი) მომხმარებლის  ცნობიერებაზე ერთობლივ ზემოქმედებას;

შორი ხედი - ადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟთან ერთად, როდესაც გარემოს წამყვანი ადგილი უკავია;

ახლო ხედიადამიანის (პერსონაჟის) სრული გამოსახულება ანტურაჟის გარეშე ან სხეულის ცალკეული ნაწილის გამოსახულება;

ბ) განხორციელდა ტერმინის – ”წყალგამყოფი” შინაარსობრივი შესწორება; შემოთავაზებულია შემდეგი რედაქცია:  ”წყალგამყოფი – საეთერო ტელერადიოსამაუწყებლო ბადეში დროის გამყოფი ზღვარი, რომელიც იწყება 06.00 საათზე და სრულდება 20.00 საათზე და რომელიც გასუფთავებულია არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისაგან; არასრულწლოვნებისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამებისა და პროგრამებში მასალების განთავსება 20.00 საათიდან 24.00 საათამდე შეზღუდულია ამ კოდექსით დადგენილი დროითი  ფარგლებით”.

 

2. თავი V. სამართლიანი მოპყრობის პრინციპი, მუხლი20. პროგრამის მონაწილეთა სამართლიანი მოპყრობის უზრუნველყოფის მოთხოვნები (წესები)

ა) საექსპერტოდ წარმოდგენილ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტში,აღნიშნულია, რომ თუ გადაცემაში მონაწილე არის 16 წლამდე ასაკის პირი, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისაგან ან მზრუნველისაგან. მშობლის, მეურვისა და მზრუნველის თანხმობის მიუხედავად, 16 წლამდე ასაკის პირებს არ უნდა ეთხოვოთ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ შესაძლებლობებს აღემატება.

საექსპერტო ჯგუფის წინადადებაა შეიცვალოს აღნიშნული ნორმა შემდეგი რედაქციით: ”თუ მონაწილე არის 18  წლამდე ასაკის, თანხმობა მიღებული უნდა იყოს მშობლისგან, მეურვისაგან ან მზრუნველისაგან. მშობლის, მეურვისა ან მზრუნველის თანხმობის მიუხედავად, 18  წლამდე ასაკის პირებს არ უნდა ეთხოვოთ ისეთ საკითხზე მოსაზრების გამოხატვა, რომელზეც სათანადო პასუხის გაცემა მათ ფიზიკურ ან გონებრივ შესაძლებლობებს აღემატება”;  შესაბამისად,  დაემატა ტერმინები – „ფიზიკური ან გონებრივი“ და 16 წელი შეიცვალა 18 წლით, რადგან ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე დაყრდნობით, გარდატეხის ასაკის მინიმალური ზღვარია 18 წელი (კრაიგი, ფ. რეისი, ე. ერიქსონი, ჟ. პიაჟე, ზ. ფროიდი, ა. ფროიდი, დ. უზნაძე).

18 წლამდე პირიოდი ბიო-ფსიქო-სოციალური ჩამოყალიბების პროცესია და მოზარდს ვერ ექნება ზრდასრულივით ჩამოყალიბებული დამოკიდებულებები, ღირებულებები, ფასეულობები როგორც საკუთარი თავის, ასევე გარემოს მიმართ; შესაბამისად, საჭიროებს (მშობლის ან სხვა პირის ) თანხმობას.

ამავე მუხლის მე-4 პუნქტის ფორმულირება განხორციელდა ასევე ახლებურად: მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტში იყო ასე: ”იმ შემთხვეაში თუ 16  წელს გადაცილებულ პირს თანხმობის განცხადება არ შეუძლია, თანხმობა გაცემული უნდა იყოს 18 წლის ან უფრო დიდი ასაკის პირის მიერ, რომელსაც აკისრია ზრუნვის პირდაპირი ვალდებულება. პირს, რომელსაც არ აქვს თანხმობის მიცემის უფლება არ უნდა მოეთხოვოს ისეთი მოსაზრების გამოხატვა, რომელსაც იგი ვერ უპასუხებს მიღებული თანხმობის გარეშე”. მის ნაცვლად მიგვაჩნია, რომ უფრო ნათელი ნორმა უნდა დაემატოს პროექტს, კერძოდ: ”იმ შემთხვევაში, თუ სრულწლოვან, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს თანხმობის განცხადება არ შეუძლია, თანხმობა მიღებული უნდა იქნას, პირის მიერ რომელსაც აკისრია მასზე  ზრუნვისა ან მეურვეობის პირდაპირი ვალდებულება.”

 

3. თავი X. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მუხლი 35. მაუწყებლის მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები (წესები)

               28-ე, 29 – ე და 30 – ე პუნქტებში მოცემული ასაკი 16 წელი, შეიცვალა 18 წლის ასაკით. ასევე დაემატა 28-ე პუნქტის ფორმულირებაში მშობლის თანხმობასთან ერთად, ალტერნატიულად – მეურვის ან მზრუნველის თანხმობა;  29-ე პუნქტი შეიცვალა ახალი რედაქციით: ”18  წლამდე ასაკის ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის პირად ცხოვრებაში ჩარევა დასაშვებია, მხოლოდ  მისი მშობლის, მეურვის ან მზრუნველის თანხმობით, გარდა იმ შემთხვევისა, როცა განხილვის საგანი არ არის მნიშვნელოვანი, ან ადეკვატურია არასრულწლოვანთა შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის სოციალურ სტატუსთან და ეხება მათ საზოგადოებრივ ინტერესებს ან თუ ინდივიდის მონაწილეობა პროგრამაში უმნიშვნელოა, ან თანხმობის გარეშე მოქმედება გამართლებულია მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესით”. ზემოაღნიშნულ პუნქტებში  შეტანილი, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, საბუთდება იგივე არგუმენტაციით, რაც საფუძვლად დაედო მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის ცვლილებას.

 

4. თავი XI. არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა

საექსპერტოდ წარმოდგენილ “მაუწყებელთა ქცევის კოდექსში”, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვისადმი მიძღვნილი თავი, ფაქტიურად სრულიად ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია და მიზანშეწონილია განხორციელდეს მთელი რიგი შინაარსობრივი და რედაქციული ცვლილებები, რაც  წარმოდგენილია ამ დასკვნაზე თანდართულ ნორმატიული აქტის გადამუშავებულ პროექტში, კერძოდ :

ა) 37-ე მუხლი შეივსო და სავალდებულო ძალის მქონე ნორმებად ჩამოყალიბდა ორი პუნქტი:

”1. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს არასრულწლოვნების დაცვა  მავნე ზეგავლენისაგან; და 2. პროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია. საინფორმაციო პროგრამის ეთერში გასვლისას უნდა გაკეთდეს გამაფრთხილებელი განცხადება, თუ ეთერში გასულმა მასალამ შეიძლება გამოიწვიოს აუდიტორიის აღელვება ან აღშფოთება.”

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნეს ერთგვარი ბალანსი საზოგადოების არასრულწლოვან და სრულწლოვან წევრთა ინტერესებში. სწორედ ამის გამო, მიგვაჩნია, რომ ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსში” რეკომენდაციად მოცემული დებულება: ”პროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას ბალანსი არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის უზრუნველყოფასა და ზრდასრული აუდიტორიის უფლებას შორის, დღის განმავლობაში მიიღოს ინფორმაცია”, სავალდებულოდ შესასრულებელ პრინციპად უნდა იქნეს განსაზღვრული.

ბ) 38-ე მუხლის მოცულობა გაიზარდა, ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 7 პუნქტისა საექსპერტო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულ რედაქციაში 16 პუნქტია წარმოდგენილი. სწორედ ამ მუხლში განისაზღვრა მკაფიოდ არასრულწლოვანთა ყველა ასაკობრივი ჯგუფი: 7 წლამდე, 12 წლამდე, 15 წლამდე, 18 წლამდე. დადგინდა მათი მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მაუწყებლის მიერ სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებები:

ბ.ა) სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიებად კლასიფიკაციის ვალდებულება, მავნე ზეგავლენისაგან დაცვის კუთხით; საექსპერტო ჯგუფის მიერ მოწონებულია სამაუწყებლო პროგრამების შემოთავაზებული კატეგორიები: 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის  შეუფერებელი პროგრამები; 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები; 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები;  

ბ.ბ) სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიებად კლასიფიცირების ვალდებულება ამ კოდექსით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით;

ბ.გ) შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვის მიზნით, სამაუწყებლო ბადის დაგეგმვის დროითი შეზღუდვებისა და წესების დაცვა;

ბ.დ) გამაფრთხილებელი საშუალებების გამოყენება სამაუწყებლო ბადის დაგეგმვისას.

გ) საექსპერტო ჯგუფმა მოიწონა “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” წარმოდგენილ პროექტში შემოთავაზებული ასაკობრივი დაყოფა, რამდენადაც იგი სრულად შეესაბამება ფსიქოლოგიური მეცნიერებაში დამკვიდრებულ ადამიანის ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარების ასაკობრივ პერიოდებს.

აღვნიშნავთ, რომ მეცნიერთა აზრით (ერიკ ერიქსონი, ჯან პიაჯე, ზიგმუნდ ფროიდი, ანა ფროიდი, დიმიტრი უზნაძე და სხვ.) თითოეული ზემოაღნიშნული ასაკობრივი პერიოდი, ადამიანის განვითარების ყველა სფერო, ხასიათდება მკვეთრი ცვლილებებით ბავშვობისთვის და მოზარდობისათვის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით და ფსიქო-ემოციური, ინტელექტუალური, სულიერი და ზნეობრივი პროცესებით და შესაბამისი ქცევითი ცვლილებებით. 

7  წლამდე პერიოდს – ადრეული ბავშვობის პერიოდს უწოდებენ:

მეცნიერულად დადსტურებულია, რომ 3-დან 7 წლამდე ბავშვი ვერ ახდენს ძალადობის კონტექსტუალიზაციას, მაგრამ იგი მაინც ჩვეულებრივზე უფრო აგრესიულად იქცევა თამაშის დროს ტელევიზიით ნებისმიერი აგრესიის ყურების შემდეგ. პროფესიული კველევები ადასტურებენ საექსპერტო ჯგუფის მოსაზრებას, რომ 7 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი წარმოდგენილ პროექტში ცალკე ასაკობრივ ჯგუფად უნდა დაფიქსირდეს.

12 წლამდე  ბავშვობას – წინაპუბერტატის პერიოდს:

7 – 12 წლის ასაკში დიდი ფსიქოლოგიური ცვლილებები ხდება მოზარდში. იგი შინაგან სამყაროს აღმოაჩენს თავის თავში და გამიჯნავს: მე ვარ მე და გარესამყარო არის სხვა. მეტია დამოუკიდებლობის სურვილი იმ განცდით, რომ მას ოჯახი, გარემოცვა იცავს. მშობლები აქაც სანიმუშოები არიან ბავშვისთვის. ბავშვის ამ ასაკში მშობლებს რა მოეთხოვებათ და როგორია ბავშვის თავისებურებები? ბავშვებს მკვეთრად გამოხატული სამართლიანობის გრძნობა აქვთ და სოლიდარობა უმცროსებისადმი; თავისუფალი თამაში უყვართ, როცა წესებს თვითონ ამკვიდრებენ. ამ თამაშის დროს არც ეჭვიანები არიან და არც პატივმოყვარენი. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ სათავგადასავლო რამეებს აკეთებენ. მათთვის პირველყოფილი სივრცეები უფრო საინტერესოა, ვიდრე მყარი, კეთილშობილი, ფუფუნებითი ამბავი. ბავშვებს სურთ რეალური განცდები ჰქონდეთ. წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ტელევიზორს დიდხანს უყურებენ. ისინი ეხებიან სამყაროს, რომელიც მათ შინაგან სამყაროდ ვერ იქცევა. მათ პიროვნულ განვითარებაში ამას ცუდი როლი აქვს. ისინი ილუზიებით ცხოვრობენ. ტელევიზიით ცირკის ყურებისას ხედავენ რომ ყველაფერი კარგად გამოდის, მაგრამ ვერ ხედავენ იმას, რა ძნელია თოკზე ერთხელ გავლა. ამ წინააღმდეგობაში იგი სწავლობს. როცა რაღაცას აკეთებს, შიგნით თავის ნაწილს დებს და უნარს ინვითარებს. ასეა შემოქმედებითი აქტიობების გამომუშავებაც. ხელოვანი თავისი აქტივობით მეტად ვითარდება, შეიცნობს სამყაროს და თავის თავს. გამუდმებით ტელევიზორის წინ, მე არ ვიცვლები და ვეჩვევი ილუზიაში მძაფრ ცხოვრებას და იმას, რომ იგი ძალიან მოსახერხებელია. და, მეპარება ის მომენტი, რომ მეც რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ სამყარო საინტერესო გახდეს. ე.ი. სიცოცხლის აზრი ირღვევა – ადამიანის განვითარების. ბავშვები შეიგრძნობენ, რომ თვითონ აღარ ცხოვრობენ, ყველაფერი გარედან ეძლევათ. ისინი იცვლებიან და ისევ გარედან ეძებენ სიცარიელის შევსების საშუალებას, მაგ: ნარკოტიკებს, თამბაქოსა და ალკოჰოლს.           ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანია, შეძლონ შინაგანი გამოსახულებების გამოხატულება. ტელევიზია გარე ხატებს იძლევა. შინაგანი ხატების გამომუშავება ხდება თამაშით, კითხვით. ეს გვეხმარება ბავშვის ფანტაზიის განვითარებაში, ასევე, წარმოსახვისა და აზროვნების განვითარებაში.

მეცნიერულად დადსტურებულია, რომ 7-დან 12 წლამდე ბავშვს უნვითარდება კოგნიტური უნარები და ყურადღება, უკვე შეუძლია, მიჰყვეს ფილმის ან შოუს მიმდინარეობას, მიხვდეს გმირების ქცევის ან აქტების მოტივაციას და გათვალოს შედეგები. ის უფრო ნაკლებ გონებრივ ძალებს ხარჯავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელევიზიაზე რეაგირებს არაფოკუსირებულად. მას შეიძლება საკუთარი შიშის დაძლევისთვის გამოუმუშავდეს საშინელებათა ფილმების გემოვნება და რეალურ ცხოვრებაში დესენსიტიზირებული და ტოლერანტული გახდეს ძალადობის მიმართ.

როგორც ვხედავთ, კველევები ადასტურებენ, საექსპერტო ჯგუფის მოსაზრებას, რომ 12 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი წარმოდგენილ პროექტში ცალკე ასაკობრივ ჯგუფად უნდა შენარჩუნდეს.

12 – 15 წლამდე – გარდატეხის, გარდამავალი ასაკის საწყის პერიოდს, ხოლო 18 წლამდე – გარდატეხის, გარდამავალი ასაკის, პუბერტატის დასკვნით პერიოდს, ანუ მოზარდობის დასასრულს.

პუბერტატის პერიოდში  – 12 – 18 წლის არასრულწლოვანებმა არ იციან, რა არის სწორი და რა არა. მათ სურთ დამოუკიდებლობა და საკუთარი ადგილის პოვნა. მათზე არგუმენტირება არ ჭრის, ისინი ყოველთვის მართლები არიან. ისინი სამყაროში ჭეშმარიტის ძიებაში არიან ისინი აკვირდებიან უფროსებს – რას აკეთებენ ისინი და რას ამბობენ. თუ შეგეშალა უფროსს, გპატიობენ, თუ ხედავენ, რომ გამოსავალს რეალურად ეძებ. მასწავლებლური, დირექტიული ტონი არ ვარგა. სიყალბეს იჭერს ბავშვი, კეტავს ბავშვს, კონტაქტს აფუჭებს და იმედგაცრუებას იწვევს მათში. ასეთ დროს, უფროსებს ისინი ლაჩრებად აღიქვამენ. საკუთარი შეცდომის და სისუსტის აღიარების უფროსს არ უნდა შეგეშინდეს.

მეცნიერულად დადსტურებულია, რომ 12-დან 18 წლამდე ბავშვს შეუძლია აბსტრაქტული აზროვნება, მაგრამ იშვიათად იყენებს ამ უნარს ტელევიზორის ყურების დროს. ინტერესები ამ ასაკში მოიცავს დამოუკიდებლობას, სექსსა და სასიყვარულო თავგადასავლებს, მუსიკალურ ვიდეოფილმებს (“კლიპებს”), საშინელებათა ფილმებს და პორნოგრაფიას. შესაძლებელია მოზარდმა სატელევიზიო ძალადობის (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური) ზოგიერთი სახის იმიტაცია მოახდინოს.

ამასთან, განსხვავებით არასრულწლოვანებისაგან, მოზრდილთა მხოლოდ მცირე პროცენტი შეიძლება ამგვარი ზემოქმედების ქვეშ მოექცეს.

აღსანიშნავია, რომ პუბერტატის პერიოდის დასაწყისი (იწყება 10-12 წლიდან და გრძელდება 15-16 წლამდე) და დასასრული (იწყება 15-16 წლიდან და სრულდება 18 წლამდე; გამოყოფენ აგრეთვე გვიან პუბერტატულ პერიოდსაც, რომელიც შეიძლება 21 წლამდე გაგრძელდეს) ქმნის ერთიან ასაკობრივ პერიოდს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ  ეს ასაკობრივი პერიოდები თითოეულ ინდივიდში, სხვადასხვა პერიოდში და ხანგრძლივობით მიმდინარეობს (3-7 წელი) და ეს დამოკიდებულია ინდივიდის ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე და მეორე, ყველა შემთხვევაში პუბერტატის პერიოდში მნიშვნელოვანი განსხვავებებია შესამჩნევი, მის დასაწყისში და დასასრულს.  სწორედ ამიტომ, საექსპერტო ჯგუფი იზიარებს წარმოდგენილ პროექტში 12 წლიდან 15 წლამდე და 15 წლიდან 18 წლამდე ასაკობრივი ჯგუფების ცალ-ცაკლე გამოყოფის მიზანშეწონილობას.

დ) განხორციელდა აგრეთვე შინაარსობრივი ცვლილებები უკვე არსებულ ტექსტში, კერძოდ:  წარმოდგენილ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტში იყო ასე: ”აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი მასალის გადაცემა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ ან სულიერ განვითარებას”, ჩასწორდა ასე: “აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს არასრულწლოვანთა ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ , ინტელექტუალურ და  სულიერ განვითარებას” ანუ დაემატა ფსიქოლოგიური, ინტელექტუალური, ამოვარდა გონებრივი. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ გაიმიჯნა სამაუწყებლო პროგრამა და სამაუწყებლო პროგრამაში გამოსაყენებელი სიუჟეტი და მასალა. დაემატა შემდეგი რედაქციის პუნქტი: ”აკრძალულია მაუწყებლის მიერ ისეთი პროგრამის გადაცემა ან პროგრამაში მასალის განთავსება, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს   არსრულწლოვანთა სოციალიზაციის პროცესს.”

ე) საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ 06:00-20:00 საათამდე, ანუ წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში  არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვა სრულად უზრუნველყოფილი უნდა იყოს, ვინაიდან წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, რომელიც მოიცავს 06.00 საათიდან 20.00 საათამდე პერიოდს, ყველაზე მეტი ალბათობაა, რომ რადიო და ტელევიზია ხელმისაწვდომია მშობლის, მეურვის ან მზრუნველის მეთვალყურეობის გარეშე, არასრულწლოვანისათვის. დაკონკრეტდა 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი მასალის წყალგამყოფის პერიოდში გადაცემის შემთხვევები და დაემატა სხვადასხვა ფორმის გამაფრთხილებელი ღონისძიებები, კერძოდ: 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები სამაუწყებლო ბადეში მაუწყებელმა არ უნდა განათავსოს 06.00 საათიდან  20.00 საათამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი მასალების განთავსება იმ პროგრამებში, რომელიც დაგეგმილია 06 საათიდან 20.00 საათამდე ანუ  წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, უნდა განხორციელდეს, მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ პროგრამა შეიცავს 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელ მასალას: ვიზუალური სპეციალური ნიშანდებით, მუდმივად მასალის გადაცემისას, ასევე  ტექსტურად, აგრეთვე ვერბალურად,  მასალის გადაცემამდე – წინასწარ.

ვ) შემოთავაზებული შესწორებების მიხედვით, გამკაცრდა რა მოთხოვნები 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი პროგრამებისადმი, გათვალისწინებულ იქნა ქართულ მედიასივრცეში დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვებების დაგეგმვის პრაქტიკა და შენარჩუნებულ იქნა წყალგამყოფის 20.00 საათიდან დროითი შეზღუდვა.

ამასთან, მიგვაჩნია, რომ სამაუწყებლო ბადის შედგენისას მაუწყებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ  20.00 საათიდან 24.00 საათამდე სამაუწყებლო ბადეში პროგრამათა დაგეგმვა უნდა განხორციელდეს, ისე რომ არ მოხდეს ამ კოდექსით განსაზღვრული არასრულწლოვანთა ასაკობრივი ჯგუფებისათვის მავნე ზეგავლენის მოხდენა;

გასათვალისწინებელია, რომ 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთა ასაკობრივი ჯგუფის მავნე ზეგავლენისაგან დაცვის ხარისხი ამაღლდა დროითი შეზღუდვის 22.00 საათიდან 23.00 საათამდე აწევით.

ამ კოდექსით განსაზღვრული არასრულწლოვანთა ასაკობრივი ჯგუფების მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით, მაუწყებელი ვალდებულია მოახდინოს მის სამაუწყებლო ბადეში განსათავსებელი სამაუწყებლო პროგრამების კლასიფიკაცია არასრულწლოვანთა ამ კოდექსით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფებისათვის შეუფერებელი შესაბამისი კატეგორიების  პროგრამების განსაზღვრის გზით;

ზ) საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის პოტენციის მატარებელი სამაუწყებლო პროგრამები სამაუწყებლო ბადეში უნდა განთავსდეს შემდეგი დროითი შეზღუდვების მიხედვით:

ზ.ა) 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის  შეუფერებელი პროგრამები არ უნდა განთავსდეს 06.00 საათიდან  24.00 საათამდე

ზ.ბ) 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ უნდა განთავსდეს 06.00 საათიდან  23 საათამდე;

ზ.გ) 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ უნდა განთავსდეს 06.00 საათიდან  20 საათამდე;

ზ.დ) 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებისათვის შეუფერებელი პროგრამები არ უნდა განთავსდეს 06.00 საათიდან  20.00 საათამდე, ხოლო გამონაკლის შემთხვევები, როცა არსებობს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესი, 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი მასალების განთავსება პროგრამებში და არა თავად პროგრამების სამაუწყებლო ბადეში განთავსება, წყალგამყოფის მოქმედების პერიოდში, შეიძლება განხორციელდეს, მხოლოდ სათანადო და მკაფიო გაფრთხილებით, რომ პროგრამა შეიცავს 7 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელ მასალას:

- ვიზუალური სპეციალური ნიშანდებით მუდმივად მასალის გადაცემისას,

- ტექსტურად,

- ვერბალურად  მასალის გადაცემამდე – წინასწარ.

წარმოდგენილი პროექტისა და მასში შემოღებული დროითი შეზღუდვების უპირველესი მიზანთაგანია, ზრდასრული და არასრულწლოვანებზე პასუხისმგებელი პირების (მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველი პირების) ინფორმირება და მათთვის სახელმწიფოს მხრიდან დაპირება, რომ წყალგამყოფის პერიოდში ანუ, როცა ყველაზე მეტი ალბათობაა, რომ არასრულწლოვანს დამოუკიდებლად მიუწვდებოდეს ხელი სამაუწყებლო პრდუქციისადმი, სამაუწყებლო ბადე მაუწყებელთა მხრიდან სავალდებულო წესით იქნება გასუფთავებული, ხოლო 20.00 საათიდან 24.00 საათამდე პერიოდში, როცა სავარაუდოდ არასრულწლოვანზე პასუხისმგებელი პირი სახლშია და უნარი აქვს აკონტროლოს მის აღმზრდელობას დაქვემდებარებული პირის სამაუწყებლო პროდუქციისადმი წვდომა, კოდექსი გვთავაზობს, სათანადო გამაფრთხილებელ სიგნალებს მშობლების, მეურვეებისა და მზრუნველებისათვის, ხოლო მაუწყებლებს ავალდებულებს სამაუწყებლო ბადე ისე დაგეგმონ, რომ მაქსიმალურად შემცირდეს არასრულწლოვანზე მავნე ზემგავლენის მოხდენის ალბათობა.

აქ უნდა შევეხოთ 20.00 საათიდან 24.00 საათამდე პერიოდში სამაუწყებლო ბადეთა დაგეგმვისას  სხვადასხვა კატეგორიის სამაუწყებლო პროგრამების განთავსებისათვის გამოყოფილ ორი დროით პერიოდს. თუ დილის 06.00 საათიდან 20.00 საათამდე პერიოდში დაუშვებელია ისეთი კატეგორიის პროგრამების განთავსება სამაუწყებლო ბადეში, რომელიც მავნე ზეგავლენის მატარებელია 18, 15, 12 , 7 (გამონაკლისია – მასალები სამაუწყებლო პროგრამებში) წლის ასაკობრივი ჯგუფების არასრულწლოვანებისათვის, 20.00 საათიდან სპეციალური გაფრთხილების ნიშანდებით დაიშვება:

1) 20.00 საათიდან 23.00 საათამდე 12 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი სამაუწყებლო პროგრამების განთავსება;

2) 23.00 საათიდან 24.00 საათამდე 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი სამაუწყებლო პროგრამების განთავსება.

რაც შეეხება 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი სამაუწყებლო პროგრამების განთავსებას, იგი დასაშვებია მხოლოდ  24.00 საათის შემდგომ.

ზემოაღნიშნული დროითი შეზღუდვების დასაწყისისა და დასასრულის განსაზღვრისას, საექსპერტო ჯგუფმა იხელმძღვანელა საქართველოში ჩატარებული მედიაკვლევის შედეგებით  („მოსახლეობის მოლოდინები საზოგადოებრივი მაუწყებლობის პროგრამირებასთან დაკავშირებით“

მ. ნიჟარაძე, ლ. მეზვრიშვილი, მ. მუსხელიშვილი, ი. საკანდელიძე , 2006 წელი), რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ ყურებადობის დრო, ძირითადად შემოიფარგლება საღამოს საათებით (62%), არასისტემატური ყურებადობის პროცენტული მაჩვენებელია – 14%, დილის გადაცემებს უყურებენ – 9.7%, ღამით 24.00 საათის შემდეგ – 9.7%, დღის მანძილზე – მხოლოდ 4% მოსახლეობისა.

ტელევიზორს მეტწილად უყურებენ დიდ ქალაქებში (23.5%), ვიდრე სოფლად მაცხოვრებლები – 13%. აშკარაა, რომ აღნიშნული კვლევის შედეგები განპირობებულია დასაქმების ხარისხობრივი მაჩვენებლებითაც ქალაქად და სოფლად. ამდენად, დროითი შეზღუდვების პერიოდების დადგენისას, საექსპერტო ჯგუფმა იხელმძღვანელა, აგრეთვე ამ გარემოებითა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული სამუშაო დროის დღიური ოდენობებით.

ამასთან, განახორციელა სათანადო ინფორმაციის მოკრება, კერძოდ: საჯარო სკოლებში სწავლების დაწყების საერთო პერიოდია – დილის 09.00 საათი, უმაღლეს სასწავლებლებში, ლექცია-სემინარების გრაფიკი ძირითადად მცოცავია, მაგრამ, როგორც წესი ასევე იწყება 09.00-ზე.

გასათვალისწინებელია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიური, ემოციურ-ფსიქოლოგიური და გონებრივი დასვენების მინიმუმია 8 საათიანი ძილის რეჟიმი.

შესაბამისად, საექსპერტო ჯგუფმა მიიჩნია, რომ 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათის შეუფერებელი პროგრამების განთავსება უნდა განხორციელდეს მხოლოდ 24.00 საათის შემდეგ, ხოლო 15 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის შეუფერებელი პროგრამების განთავსების დროითმა შეზღუდვამ უნდა აიწიოს 22.00 საათიდან 23.00 საათამდე. ამ შემთხვევაში, სავარაუდოა, რომ  მინიმუმამდე დავა არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მოხდენის ალბათობა.

საექსპერტო ჯგუფი თავს ვალდებულად თვლის აღნიშნოს, რომ ამ ტიპის კვლევა საქართველოში ჩატარებულია მხოლოდ ერთხელ 2006 წელს და ისიც ეხება მხოლოდ ტელევიზიას და არა რადიოს. ამდენად, საექსპერტო ჯგუფი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაყრდნობოდა ალტერნატიულ, ან უშუალოდ ამ თემისადმი მიძღვნილ სტატისტიკურ, ფსიქოლოგიურ,  სოციოლოგიურ, სამეცნიერო კვლევის შედეგებს.

თ) ახლებურად ჩამოყალიდა სექსუალური, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისადმი მიძღვნილი 39-ე მუხლი:

”1. დაუშვებელია სექსუალური სცენის, აგრეთვე გაუპატიურების ან/და სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკული გამოსახვა და გადაცემა, 06.00 საათიდან 24.00 საათამდე; 2. სექსუალური სცენებისა ან/და სქესობრივი ურთიერთობის შესახებ განხილვების ეთერში გადაცემა  20.00 საათიდან 23.00 საათამდე, გამართლებულია მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ინტერესის არსებობისას, ჯეროვნად შემოკლებული და რედაქტირებული ფორმით.”  

ი) დაკონკრეტდა ძალადობისა და სახიფათო საქციელის გადაცემის სპეციფიკაც: დაემატა ტერმინები: ვიზუალური,  ვერბალური, აგრეთვე 22.00  საათი შეიცვალა 23.00 საათით.

კ)  ნარკოტიკების, თამბაქოსა და ალკოჰოლისადმი მიძღვნილ 42-ე მუხლში 22.00 საათი შეიცვალა 23.00 საათით, აგრეთთვე დაემატა შემდეგი რედაქციის ერთი პუნქტი: ”დაუშვებელია ნარკოტიკების, საინექციო ხელსაწყოების, ნარკოტიკული ნივთიერებების მომზადების ტექნოლოგიის, გამოყენების პროცესის (იქნება ეს სოციალური კლიპი, დოკუმენტური ფილმი, ტელეგადაცემა თუ სხვ.) ჩვენება გადაცემით”.

საექსპერტო ჯგუფის აზრით აღნიშნული მუხლის არსებობა კოდექსში მნიშვნელოვანია, არა მარტო არასრულწლოვანებზე, არამედ ზრდასრულებზე მავნე ზეგავლენის, ნარკოტიკებისგან გამოწვეული ზიანის შემცველობის საფრთხის თვალსაზრისით.

ლ) საექსპერტო ჯგუფმა სხვაგვარად დააჯგუფა სამაუწყებლო პროგრამათა კატეგორიების განმსაზრვრელი სამაუწყებლო კრიტერიუმები. ამოსავალი პრინციპია ის, რომ ზედა ასაკობრივი ჯგუფისათვის შეუფერებელი პროგრამები ავტომატურად შეუფერებელია ქვედა ასაკობრივი ჯგუფის არასრულწლოვანებისათვის. გამკაცრებულია 12 წლამდე და 7 წლამდე ასაკობრივი ჯგუფებისათვის შეუფერებელი პროგრამების მაკლასიფიცირებელი კრიტერიუმები.

ამასთან, საექსპერტო ჯგუფმა კრიტერიუმების განაწილებისას გაითვალისწინა, რომ:

რადიო და ტელევიზია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებია და მას რამოდენიმე საჯარო ფუნქცია აქვს:  საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და გასართობი. ამაზე დაყრდნობით შეიძლება ვთქვათ, რომ სატელევიზიო გადაცემები არა მარტო საინტერესოს უნდა ხდიდეს ბავშვისა და მოზარდის გართობა-დასვენების საათებს, არამედ უნდა ახდენდეს ზემოქმედებას მის გრძნობებზე, ემოციებზე და ინტელექტზე.

1998 წელს ბავშვის ცხოვრებაზე ტელევიზიის როლს და გავლენას უცხოეთში ბევრი კვლევა მიეძღვნა (კანადა, აშშ). არსებობს ისეთი გამოკვლევები, რომლებიც ასაბუთებენ ტელევიზიის უარყოფით გავლენას ბავშვის ჯანმრთელობაზე. ტელევიზორის ხანგრძლივი ყურება ყველაზე უარყოფითად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, მხედველობასა და სმენაზე. არა მარტო ფსიქოლოგები და ექიმები, არამედ მშობლებიც უჩივიან, რომ სხვადასხვა სანახაობის ზეგავლენით, რომელსაც ბავშვი ყოველდღიურად უყურებს ტელევიზიით, იცვლება ბავშვის ქცევა, ბავშვი გრძნობს დაღლილობას, აპათიას, თავის ტკივილს. ირღვევა ბავშვის დღის რეჟიმი, მცირდება სუფთა ჰაერზე ბავშვის ყოფნის დრო და მისი ძილი. თავის მხრივ უძილობა და ჟანგბადის უკმარისობა ასუსტებს ბავშვის იმუნურ სისტემას, შესაბამისად მცირდება მისი ბრძოლისუნარიანობა სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ.  მკვლევარები, რომლებიც ამ პრობლემით არიან დაინტერესებულნი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, თუ რა გადაცემებს უყურებენ ბავშვები.

მკვლევართა აზრით, გადაცემა შეიძლება სასარგებლო იყოს ბავშვისთვის ან პირიქით, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის ფსიქო–ემოციურ მდგომარეობაზე, მის ნერვულ სისტემაზე.  ვაჩვენებთ რა ბავშვებს ტელევიზიით ძალადობის უამრავ სცენას, ჩვენ ვაჩვევთ მათ იმ აზრს, რომ აგრესია მიღებული გამოსავალია სიტუაციიდან; ზოგიერთი მკვევარი კი, მიიჩნევს, რომ ძალადობა, რომელსაც ბავშვები ხედავენ ტელევიზიით შეიძლება წარმოადგენდეს რეალური აგრესიის ჩანაცვლებას, რის შედეგადაც ბავშვების აგრესია მცირდება. მკვლევარები მივიდნენ იმ დასკვნამდეც, რომ ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის სცენები მართალია არა ძლიერ, მაგრამ მაინც იწვევენ ზრდასრული მაყურებლის აგრესიულობასაც.

დღეს ბევრი მკვლევარი ლაპარაკობს ბავშვებში აგრესიულობის, დევიაციური და დელიკვენტური ქცევის მომატებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აგრესიის საშუალებით და ამგვარი ქცევებით მიზნის მიღწევა ბავშვისთვის წარმატებად აღიქმება. წარმატების ამგვარი გაგება შეიძლება იყოს ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული ფენომენი. იმის სტანდარტებს, თუ რა არის წარმატება, ბავშვი გარემოდან იღებს, მათ შორის ინფორმაციის წყაროებიდან. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია, ერთგვარ ნორმატივებს დაექვემდებაროს რადიოტელევიზიით გადაცემული სამაუწყებლო პროგრამები და მათში გამოყენებული მასალები.

ცნობილია, რომ ბავშვის ეფექტური აღზრდის პროცესში სოციალური გარემოს პოზიტიური ზემოქმედება ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს. სამწუხაროდ დღევანდელი სოციალური გარემო მოზარდზე თავისი უარყოფითი ზემოქმედების მრავალფეროვან მაგალითებს გვთავაზობს. ამ მრავალფეროვნებაში წამყვანი ადგილი ძალადობას უჭირავს თავისი მრავალმხრივი გამოვლინებებით. ტელევიზიით ძალადობის შინაარსის მქონე პროდუქციის მოზარდ თაობაზე ნეგატიური ზეგავლენის პრობლემა საქართველოსაც უდგას.   აშშ-სა და კანადაში ამ მიმართულებით ჩატარებულ სტატისტიკურ გამოკვლევათა ზოგიერთი შედეგი ასე გამოიყურება:   დღეისათვის 9-10 წლის ბავშვი, რომელიც ტელევიზორს დღეში 2-4 საათი უყურებს, უკვე 8 000 მკვლელობისა და ძალადობის 100 000 აქტის მოწმეა;  18 წლის ახალგაზრდას კი ნანახი აქვს 40 000 მკვლელობა და ძალადობის 200 000 აქტი.  პელსილვანიის უნივერსიტეტის მედია ექსპერტის ჯორჯ გერბნერის გამოკვლევათა მონაცემებით, ერთი დღის განმავლობაში ამერიკული ტელევიზია საათში (პრაიმ-თაიმი) ძალადობის 5-6 აქტს უჩვენებს, ხოლო შაბათობით საბავშვო არხზე -  20-25 ძალადობის აქტს. 10 გადაცემიდან 10-ში ძალადობა პრივალირებს.   მსგავსი მდგომარეობაა მულტინდუსტრიაშიც – ერთი მულტფილმი საათში საშუალოდ ძალადობის 20 სცენას გვიჩვენებს.  პასუხი კითხვაზე, როგორ მოქმედებს მედიაში არსებულკი ძალადობის შემცველი პროდუქცია მოზარდის ფსიქიკაზე, ერთმნიშვნელოვანია – უარყოფითად!

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაუწყებლების მიერ, სატელევიზიო ფილმების (მულტიპლიკაციური, მხატვრული, დოკუმენტური, მუსიკალური ვიდეოკლიპი) კატეგორიებად დაყოფისას, სწორედ მოხდეს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტით შემოთავაზებული კრიტერიუმების გამოყენება. ფილმის სწრაფი დინამიკის მიუხედავად, ხანდახან შესაძლოა ადამიანს ტელევიზორის წინ დაეძინოს. ამის თავიდან ასაცილებლად ფილმის რეჟისორს შემოაქვს სხვა ფაქტორები: ბგერები, ხმა, რაც განმსაზღვრელია. მუსიკა, ხმები საშიშ იმპულსებს გამოსცემენ, რა დროსაც  სინამდვილეში სხეული ფიზიოლოგიურად რეაგირებს ამაზე – ადრენალინი იწევს მაღლა, ამ დროს იღვიძებს სხეულში შფოთვის ინსტინქტი, გამოიყოფა კორტიზონოლი, ჰორმონი, რომელიც სტრესის არსებობაზე მიუთითებს. ამ დროს, მაყურებელი ეჩვევა ამ ხიფათს და მას კიდევ მეტი დოზა სჭირდება ამ შიშისა და ხიფათისა. ეჩვევა ამ შიშსა და ნივთიერებას, კორტიზონოლს, ე.ი. იგი ამ დროს მუდმივ ფშვინვიერ სტრესშია. ამავე დროს, არასრულწლოვანები  გრძნობენ, რომ რეალობაში არ არიან და შეიძლება შინაგანი სიცარიელის, დეპრესიის განცდა გაჩნდეს. ეს შესაძლოა ნარკოტიკებისკენ, თამბაქოსა და ალკოჰოლისაკენ ლტოლვის წინაპირობადაც კი იქცეს.

      არსებული კვლევები ყოველგვარ ეჭვგარეშე გვიჩვენებს, რომ მედია-ძალადობა დაკავშირებუილია ძალადობასთან ახალგაზრდებში” – აღნიშნულია აშშ სენატის იურიდიული კომიტეტის 1999 წლის მოხსენებაში. ერთი ექსპერტის თქმით, “კამათი ამ საკითხზე იგივეა, რაც მიზიდულობის კანონის წინააღმდეგ არგუმენტირება”. ზემოხსენებული მსჯელობებისა და ანალიზისას, რომელიც ფართოდ ეხება აგრესიის თემატიკას, თავისთავად მოიაზრება სქესობრივი ურთიერთობებისა და შეურაცმყოფელი ლექსიკის მავნე ზეგავლენა მედიით დემონსტრირებისას, რამდენადაც აგრესიული ქცევის ერთ-ერთი გამოხატულება, სწორედ სქესობრივი ქცევის გაუკუღმართება და სქესობრივი ძალადობაა. ამასთან, სქესობრივი აქტისა და სქესობრივი სცენების, ასევე შიშველი სხეულისა (ქალის მკერდი, ადამიანის გენიტალიები) სექსუალური კონტექსტით ხანგრძლივი და არარედაქტირებული დემონსტრირებაც, მავნე ზეგავლენის მომხდენია ბავშვისა და მოზარდის ჯერ კიდევ ფორმირებაში მყოფ ფსიქიკაზე. იგივე ითქმის შეურაცმყოფელ ლექსიკაზე, როგორც ძალადობრივი ქცევის ერთ-ერთ გამოხატულებაზე.

კომისიის მიერ წარმოდგენილ მაუწყებელთა კოდექსში ჩადებულია შემდეგი შინაარსის ნორმა: 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელ პროგრამებს მაუწყებლი ადგენს საკუთარი კრიტერიუმებით, რაც განთავსდება ნებისმიერ დროს, სათანადო აღნიშვნით,  რასაც არ იზიარებს საექსპერტო ჯგუფი.  საექსპერტო ჯგუს მიაჩნია, რომ 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად უნდა ჩაითვალოს პროგრამა (მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციურ ფილმები,  მუსიკალური ვიდეოფილმები “კლიპები”), რომელიც შეიცავს   ისეთ სიუჟეტებს, რომელიც  ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური- ძალადობის, აგრესიის ამსახველი სცენები) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველია.

სწორედ ზემოაღნიშნულ მსჯელობათა გათვალისწინებით, საექსპერტო ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია შემდეგი რედაქცია:

”1. 18 წლამდე არასრულწლოვანებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება სამაუწყებლო პროგრამა თუ ის შეიცავს:

ა)    სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს, ახლო ხედით;

ბ) არასრულწლოვანის მონაწილეობით ან გაუკუღმართებული ფორმით სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს;

გ) ნარკოტიკების დამზადების და მოხმარების წესის ახსნა-განმარტებასა და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას;

დ) თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარების გამართლებასა ან/და მოწონებას.

ე)  თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით;

ზ) ძალადობის ამასხველ სცენებს ახლო ხედით ან 15 წამზე მეტი ხნით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამებისა);

2. 15 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა თუ ის შეიცავს:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) შიშველი სხეულის დემონსტრირებას სექსუალურ კონტექსტში;

გ) სექსუალური სცენის, სქესობრივი აქტის ან სექსუალური ძალადობის ამსახველ გრაფიკულ სცენებს;

დ)  შეურაცხმყოფელ ლექსიკას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამართლებულია კონტექსტით;

ე)  ნარკოტიკული საშუალებებისა და მათ მოხმარებასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას;

ვ) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის გამოყენებას (დანა, ნაჯახი და ა.შ.) ზიანის მიყენების მიზნით ან მკვლელობისთვის;

ზ)  თვითმკვლელობის, მკვლელობის ან სიკვდილით დასჯის სცენების გრაფიკულ ასახვას;

3. 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს:

ა)  ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულ სიუჟეტებსა და სცენებს;

ბ) შეურაცმყოფელ  ლექსიკას;

4. 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებლად ჩაითვლება პროგრამა, რომელიც შეიცავს   ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულ სიუჯეტებსა და სცენებს, აგრეთვე  მხატვრული, დოკუმენტური ან მულტიპლიკაციური ფილმი, რომელიც შეიცავს ამ ასაკობრივ ჯგუფზე ძლიერი ემოციური (ნეგატიური) ზეგავლენის მომხდენი შინაარსის ამსახველ სიუჟეტებსა და სცენებს.”

მ) საექსპერტო ჯგუფის აზრით ფასიან სამაუწყებლო არხს, შეუძლია განათავსოს პროგრამა, რომლის ჩვენება შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მაგრამ ამ შემთხვევაში სავალდებულო წესით უნდა მოქმედებდეს PIN-კოდით დაცული ან სხვა მსგავსი დამბლოკავი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროგრამები ხელმისაწვდომი იყოს მხოლოდ უფლებამოსილი ზრდასრული აბონენტისთვის. აღნიშნული ერთგვარად დააბალანსებს ზრდასრული და არასრულწლოვანი ადამიანების ინტერესებს;

ნ) მიგვაჩნია, რომ 06.00 საათიდან 20.00 საათამდე,  წყალგამყოფის პერიოდში გადაცემული პროგრამები უნდა იყოს შესაფერისი  საოჯახო, მათ შორის საბავშვო ჩვენებისთვის. რაც უფრო ადრეა საღამოს პროგრამა დაგეგმილი, მით უფრო შესაფერისი უნდა იყოს ის არასრულწლოვნებისთვის. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება ამ წესიდან გადახვევა და ასეთ დროს აუდიტორიას წინასწარ უნდა მიეწოდოს ზუსტი ინფორმაცია პროგრამის შინაარსის შესახებ.

ო) რადიოპროგრამების განრიგის შედგენისას მაუწყებელმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს არა 22.00, არამედ 23.00 საათამდე არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში, საექსპერტო ჯგუფმა იხელმძღვანელა იმავე ბაზით, რაც ზემოთ იყო მითითებული (იხ. გვერდი 8)

პ) საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ ცალკე უნდა გამოიყოს ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის დასაშვები პროგრამების ხასიათის განმსაზღვრელი ნორმა. გთავაზობთ, პროექტს დაემატოს ნორმა, რომლის მიხედვითაც ცალსახად დადგინდება, რომ შეუზღუდავი პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ამავე კოდექსით განსაზღვრულ არასრულწლოვანთა ყველა კატეგორიისათვის მავნე ზეგავლენის მომხდენ სიუჟეტებს, უნდა იყოს შესაფერისი ოჯახური აუდიტორიისთვის და არ უნდა შეიცავდეს მწუხარების გამომწვევ სცენებსა ან თემებს.

 

 

5. თავი XIV. ზიანისა და შეურაცხყოფისაგან დაცვა, მუხლი 55. მაუწყებლის  მიერ მავნე  და შეურაცხმყოფელი მასალიასაგან  დაცვის  უზრუნველყოფისათვის წაყენებული მოთხოვნები(წესები).

მიგვაჩნია, რომ  ზემოაღნიშნულ მუხლში წარმოდგენილი ფორმულირება უნდა შეიცვალოს მე-3 პუნქტი შემდეგნაირად: ” მაუწყებელმა არ უნდა გადასცეს თვითმკვლელობის ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების მეთოდები; აღნიშნული მეთოდების გადაცემა, იმ შემთხვევებშიც კი, როცა ეს რედაქციულად დასაბუთებულია ან გამართლებულია კონტექსტით, უნდა მოხდეს მხოლოდ ვერბალური სახით.”

 

სფეროს მკვლევარების აზრით, ვერბალური ინფორმაცია  ნაკლებად ზიანის შემცველია, როდესაც ის არ არის განმტკიცებული ვიზუალურ-გრაფიკული მასალით, რამდენადაც მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ის წამყვანი მოდალობაა ვიზუალური აღქმა. (ფ. პერლზი, ფ. რაისი, რ. ბენდლერი, და ჟ. გრინდერი ნეირო-ლინგვისტური პროგრამირება (NLP)  და სხვ.).

         ამავე თავში, შეიცვალა 56-ე მუხლის მე-5 პუნქტის რედაქცია შემდეგნაირად: ”რეპორტაჟი არ უნდა შეიცავდეს გვამების ან დაჭრილთა ტანჯვის ამსახველ 15 წამზე მეტი ხანგრძლივობის  კადრებს. ამბის გადმოსაცემად შეიძლება საჭირო გახდეს გარდაცვლილთა შორი ხედით ჩვენება, ახლო ხედების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული, გარდა მნიშვნელოვანი საზოგადოების ინტერესის არსებობის შემთხვევისა.”

         სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით, 15 წამი არის აღქმული ინფორმაციის გააზრების საჭირო დროის მაქსიმუმი. ამდენად, აღნიშნული მასალის ვიზუალური დემონსტრირება  ამ დროის ფარგლებში, ნაკლები საფრთხის შემცველია  აუდიტორიაზე ნეგატიური ზეგავლენის მოხდენის თვალსაზრისით ( NLP, ფ. პერლზი, შტაინერი).

         უნდა შევიდეს ცვლილებები ამავე მუხლის მე-7 პუნქტშიც, ტერმინთა დაზუსტების მიზნით. კერძოდ, იყო „სიტყვიერი აგრესია“  უნდა იყოს: ”ვერბალური და არავერბალური  აგრესია”; იყო: ”დაუშვებელია სექსუალური ძალადობის მისაღებად წარმოჩენა”, უნდა იყოს: ”დაუშვებელია სექსუალური და ნებისმიერი სხვა ძალადობის მისაღებად წარმოჩენა”.

 

 

6. თავი XVIII.  კონკურსები და პრიზები, მუხლი 65. მაუწყებლის მიერ კონკურსების ჩატარების და პრიზების გათამაშებისადმი წაყენებული მოთხოვნები (წესები)

ახალი რედაქციით ჩასწორდა მე-2 პუნქტი: ”2. არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი პრიზები უნდა იყოს მათი ასაკის შესაფერისი”.

საექსპერტო ჯგუფის წინადადებები:

1. საექსპერტო ჯგუფის აზრით,  უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოზარდის აღზრდა პირველ რიგში  მშობლის და ოჯახის ძირითად ფუნქციად განისაზღვროს. ტელევიზია და რადიო მშობელს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ რასაკვირველია, არც ხელი უნდა შეუშალოს მას, არასრულწლოვანის სოციალიზაციის პროცესის სწორად წარმართვაში. სასურველია ბავშვი მარტო არ დარჩეს ტელევიზორთან, დიდხანს არ უყუროს მას. მიეცეს მიმართულება რას მიაქციოს ყურადღება და არა. როცა  მშობელი 15  წლის ბავშვთან ერთად უყურებს ტელევიზორს, მან უნდა გაუმახვილოს ყურადღება ტექნიკურ მხარეზე. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ ტელემასალა ქვეცნობიერში აღარ წავიდეს და ბავშვს მასი შექმნის პროცესი გაუცნობიერდეს. ამდენად, კომისიის წინაშე ვსვავთ წინადადებას, დამატებით იქნას შემოღებული 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვანებისათვის გამაფრთხილებელი ნიშანდება ”P” (parent) – ”მიზანშეწონილია მშობლის მეთვალყურეობით ყურება”.

16 წლის ზემოთ უკვე შესაძლებელია ბავშვმა დამოუკიდებლად უყუროს ტელევიზორს, თუ მათ უკვე ასეთი განცდები მშობლებმა გამოუმუშავეს. ასეთ შემთხვევაში ტელევიზიის მავნე ზეგავლენა ნაკლები იქნება.

2. საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ სამაუწყებლო სივრცეში არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის ეფექტურობის უზრუნველსაყოფად საჭიროა, სათანადო საკანონმდებლო ბაზის შექმნა, რაც საექსპერტოდ წარმოდგენილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღების შემთხვევაში უდავოდ დადებითად უნდა შეფასდეს და მეორე მხრივ, სათანადო – მოტივირებული საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბება, მათ შორის მაუწყებელთა დამფუძნებლებში, მენეჯერებსა თუ სარედაქციო უფლებამოსილებით აღჭურვილ პირებში, ასევე მეტად მნიშვნელოვანია.

გასაგებია მაუწყებლის ინტერესი, იქონიოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, იყოს რეიტინგული, რაც ხშირ შემთხვევაში სენსაციურობის მაღალ ხარისხს მოითხოვს, ისარგებლოს სრულად – ინტელექტუალური თავისუფლებით, მაგრამ ამავდროულად, აუცილებელია გაითვალისწინოს საზოგადოების სხვა ჯგუფების, მშობლების, მოზარდების და ა.შ. ინტერესებიც. აშშ-ში მოქმედებს ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც, სხვა პრობლემებთან ერთად, ითვალისწინებს მას-მედიის კონტროლს მოზარდი თაობის ძალადობისა და პორნოგრაფიისაგან დაცვაზე. ეს პროგრამა ნაწილია ჯანდაცვის რეორგანიზაციის გლობალური ამოცანისა. “ძალადობის ყველა სხვა წყაროსთან შედარებით, ბავშვების ცხოვრებაში მედია-ძალადობა ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი პრობლემაა – აღნიშნავს თავის პერიოდულ გამოცემაში აშშ-ს ბავშვთა განათლების ეროვნული ასოციაცია – მედია ინდუსტრია საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციის საგანი უნდა იყოს, რადგან, როგორც კვლევები გვიჩვენებს, ძალადობა მედიაში ერთ-ერთი დიდი მიზეზია ჩვენს საზოგადოებაში არსებული ძალადობისა”.

მიგვაჩნია, რომ მედია-ძალადობის ბავშვებზე ზეგავლენის პრობლემის დარეგულირების ერთ-ერთი წამყვანი მიმართულება სწორედ მედიას პოზიტიური გამოყენება უნდა გახდეს.

3. საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღება, მხოლოდ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის თვალსაზრისით. გარდა ამისა, საჭიროა

ა) კულტურული კონტექსტის უკეთ კვლევა;

ბ) აღნიშნული კუთხით არსებული რეალობის ანალიზი და მათზე დაყრდნობით დამატებითი სახელმძღვანელო  რეკომენდაციების შემუშავება;

გ) ჩვენი რეალობისთვის ადექვატური და ადაპტირებული  მედია-აღზრდასთან, მედია-ზეგავლენასთან დაკავშირებული მოდელების დაპროექტება;

 

 

საექსპერტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების თეორიული და მეთოდოლოგიური სამეცნიერო დასაბუთება:

1. ტელევიზორში ნანახი ძალადობის იმ მაგალითებს, რომლებიც ეხმარება სიკეთეს მოიპოვოს გამარჯვება ბავშვების უმრავლესობისთვიოს ზიანი არ მოაქვს. მაგრამ ზოგიერთი ბავშვისთვის, რომელიც ტელევიზორს ყოველ დღე  უყურებს ტელევიზიით ძალადობის სცენებს და იმავეს ხედავს რელურ ცხოვრებაში, მაგალითად, ოჯახში. ნანახი შესაძლებელია ქცევის მოდელად, განმსაზღვრელად იქცეს. ამ დროს გასათვალისწინებელია ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლები, ტემპერამენტის ტიპი და ხასიათობრივი მახასიათებლები რა არის. ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა (სმიტი და დონნერშტეინი), რომ აგრესიის სწავლის ყველაზე სასურველი მოდელები ისინია, რომლებიც წარმოგვიდგენს მიმზიდველი გარეგნობის გმირებს გამართლებული ან დაჯილდოვებული ძალადობის ჩადენის პროცესში ისე, რომ ისინი მსხვერპლის ტკივილს და წუხილს არ უჩვენებენ. დესენსიტიზაციის რისკი იზრდება იუმორისა და სისხლთან ნარევი ძალადობის ექსტენსიური და გამეორებადი აქტების ყურებისას. დაუსჯელი აგრესიის შემცველი აქტები კი მაყურებელში ზრდის შიშისა და შფოთვის გაჩენის რისკს. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით დამანგრეველი მცდარი მესიჯებია, რომლებსაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში არსებული ძალადობა გვიგზავნის.

ეს მესიჯებია:

- ძალადობა ხშირად ჯილდოვდება და იშვიათად აქვს ნეგატიური შედეგები. 1992 წელს აშშ-ში ჩატარებული სტატისტიკური კვლევის მიხედვით, ტელევიზიით ნაჩვენები ძალადობის სცენების 73%-ში დამნაშავე დაუსჯელი დარჩა.

- ძალადობა ყველგანაა. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეატყობინეს მისი მეგობგრის მამის სიკვდილი. “ვინ მოკლა იგი?” – იკითხა გოგონამ. მისი შეკითხვა ასახავს დასკვნას, რომელიც მან ტელევიზორის ყურების შედეგად გამოიტანა, რომ ძალადობა სიკვდილის ნორმალური მიზეზია.

- ძალადობა გამართლებულია. ძალადობის დიდ ნაწილს ფილმებში ჩადის ”გმირი” (ეროვნული ტელევიზიის ძალადობის კვლევა – აშშ) აჩვენა, რომ “კარგი ბიჭების” აგრესია იშვიათად ისჯება. ”ცუდი ბიჭების” კი დროის მხოლოდ 62%-ში ისჯებიან. ურიცხვი ფილმები ომზე გვასწავლის, რომ “კარგი ბიჭების” მიერ ჩადენილიო ძალადობა არა მხოლოდ გამართლებულია, არამედ გმირულიცაა.

- ძალადობა სასაცილოა. საბავშვო მულტფილმები ყველაზე უფრო მეტად გვიჩვენებს იმის მაგალითს, რომ აგრესია ვინმეზე (მაგალითად, მის თავზე მანქანით გადავლა) ძალიან სასაცილოა.

- ძალადობა სასიამოვნოა. კლინტ ისტვუდი ფილმში “ჭუჭყიანი ჰარი”  იმდენად დიდ სიამოვნებას იღებს ძალადობით, რომ ამბობს, დღევანდელი დღე კარგად დაიწყოო.

კვლევების მიხედვით, მედია-ძალადობა 3 ძირითადი მიმართულებით მოქმედებს ადამიანებზე: აგრესია: ვინც დიდი რაოდენობით მედია ძალადობას ადევნებს თვალს უფრო აგრესიული ხდება. მას უნვითარდება შემწყნარებლული ატიტუდები (განწყობა) აგრესიის გამოყენებისადმი კონფლიქტის გადაჭრაში. დესენსიტილიზაცია: ძალადობის დიდი რაოდენობით და ხანგრძლივი ყურება აჩლუნგებს რეალურ სამყაროში აგრესიის, სხვისი ტკივილისა და წუხილის მიმართ მგრძნობელობას. ადამიანი უფრო ტოლერანტული ხდება საზოგადოებაში ძალადობის გაზრდილი დონისადმი. შიში: ვინც ბევრ ძალადობას უყურებს, მის აღქმაში რეალური სამყაროც ისევე საშიშია, როგორც ტელევიზიით ნანახი.

კანადელი ფსიქოლოგები გამოყოფენ 3 წამყვან ფაქტორს, რომელთა არსებობის შემთხვევაში უფრო მოსალოდნელია, რომ მედია-ძალადობამ მოზარდზე ზემოქმედება მოახდინოს:

- იდენტიფიკაცია, რომელიმე გმირთან. აქ მნიშვნელობა აქვს, რომელ გმირთან მოხდება იდენტიფიკაცია, რამდენადაც აგრესორი ფილმებში (და სხვა წარმოდგენებშიც) მამაკაცია, ქალი კი, ჩვეულებრივ, მისი მსხვერპლი, ბიჭები უფრო მოსალოდნელია, რეაგირებენ აგრესიით და გოგონები – შიშით.

- ნანახის ინტერპრეტაცია, როგორც რელისტურისა და რელევანტურის პირად ცხოვრებაში. მედია-ძალადობას უფრო მეტი ზემოქმედება ექნება ბავშვზე, თუ ის აგრესიას თავის პირად ცხოვრებაშიც ხედავს. ზემოქმედება ასევე ძლიერია იმ ბავშვებზე, რომლებსაც აკლიათ რეალური ცხოვრების გამოცდილება, რათა განსაზღვრონ, რამდენად რეალისტურია ის,  რასაც ფილმში ხედავენ.

- პირადი ფანტაზირება ძალადობის შოუს გმირების შესახებ. დღის ოცნებები ფილმზე აძლიერებს ნანახი სცენების ზემოქმედებას.

საექსპერტო ჯგუფს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის მიზნით სამაუწყებლო პროგრამების კატეგორიებად დაყოფა, სწორედ ზემორემოყვანილი მეცნიერულად დადასტურებული არგუმენტების გათვალისწინებით შემუშავებული კრიტერიუმებით უნდა განხორციელდეს და მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ეს ნაწილი სავალდებულო უნდა იყოს შესასრულებლად მაუწყებლებისათვის.

2. რასაკვირველია, ადამიანთა უმრავლესობა არ ხდება აგრესიული, უშუალოდ სატელევიზიო ძალადობის ყურების შემდეგ, მაგრამ ისინი სხვაგვარ ზეგავლენას განიცდიან:

- აგრესორის ეფექტი – აგრესიული ქცევის წახალისება,

- მსხვერპლის ეფექტი – შიშის მომატება,

- გვერდზედგომის ეფექტი – ძალადობის ნორმად მიღება,

- მადის ეფექტი  -  უფრო მეტი აგრესიის ყურების სურვილისი გაჩენა.

ამ ეფექტების კომბინაცია, ჯორჯ გერბნერის მიხედვით, ქმნის ე. წ. “ცუდი სამყაროს” სინდრომს, რომლის არსებობის შემთხვევაშიც ადამიანი საზოგადოებას, რომელშიც ის ცხოვრობს აღიქვამს, როგორც საშიშსა და დანაშაულის ჩამდენს. პიროვნულ დონეზე ამ შიშებს მივყავართ განმარტოვებასა და იზოლაციამდე.

ამდენად, ძალადობის პრევენციის ექსპერტის, დებორა პროტროუსთისის თქმით, მედია-ძალადობას “ბოროტების კულტურის” ზრდასთან მივყავართ, რაც ნაყოფიერი ნიადაგია ძალადობისათვის რეალურ ცხოვრებაში. 

ფსიქოლოგმა როს პარკმა ასეთი ეფექტი აღმოაჩინა: მხოლოდ ერთი ფილმის ნახვის შემდეგ, საკმაოდ დაბალი აგრესიული საწყისის მქონე ბიჭებს აგრესიულობა ემატებათ. გამოკვლევათა ამგვარი შედეგები უამრავია.

უილიამ ჯოსეფსონმა საწინააღმდეგო მონაცემებიც მიიღო: მისი გამოკვლევის მიხედვით, აგრესია გაუძლიერდათ მხოლოდ მაღალი საწყისი აგრესიის მქონე ბავშვებს. რასაკვირველია, ბავშვები ერთმანეთისგან განსხვავდებიან საწყისი აგრესიის მიხედვით. სწორედ ამიტომ, განსხვავებული იქნება მათი აგრესიის დონეც ძალადობის თანაბარი ხანგრძლივობითა და ოდენობვით ყურების შემდეგ. აქ წამყვანი ფაქტორია ძალადობის აქტების ხანგძლივი და სისტემატური ყურება.

აშშ ფსიქოლოგთა ასოციაციის მონაცემებით, დროში გაშლილმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ტელევიზიით ხშირად უყურებენ ძალადობას, შემდგომში უფრო მეტად აღმოჩნდნენ ჩართული აგრესიულ აქტებში. დაპატიმრებული სუბიექტების მიერ ჩადენილ დანაშაულთა შორის ყველაზე დაუნდობელი მათ მიერ იყო ჩადენილი, ვინც ბავშვობაში ტელევიზიით ხანგძლივად უყურებადა ძალადობის ამსახველ სიუჯეტებს. ექსპერიმენტის შედეგად მიღებულ მასალაში შემაშფოთებელი ის არის, რომ ბავშვი დანაშაულს ჩადის არა 7-12 წლის ასაკში, არა მაშინ, როდესაც მან ძალადობას უყურა, არამედ მრავალი წლის შემდეგ.

როგორც ვხედავთ, კვლევების დიდი ნაწილი ბავშვებზეა ფოკუსირებული, რადგან ბავშვები ყველაზე უფრო ხშირად უყურებენ ტელევიზორს და თანაც, მათი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ბევრად მეტ გავლენას განიცდის ამგვარი მასალის სისტემატური აღქმით, ვიდრე მოზრდილებისა.

საექსპერტო ჯგუფის აზრით, აუცილებელია ძალადობის  შემცველი ფილმების რეგლამენტირება ტელევიზიით. ეს არის თემა იმ დებატებისა, რომლებიც მიმდინარეობს აშშ-ში სხვადასხვა სტრუქტურებს შორის (სახელმწიფო, ჰოლივუდი, ტელევიზიის აუდიტორია). ამ პრობლემასთან დაკავშირებით შემდეგი კითხვები დაისმის: ჩაიდენენ თუ არა ბავშვები დანაშაულს ცხოვრების მანძილზე ტელევიზიით ნანახი ძალადობის ყველა აქტის ზეგავლენით? ხანგძლივია თუ  ტელევიზიით ნანახი ხანმოკლე ძალადობის ეფექტი? ისევე ძლიერ განაპირობებს თუ არა ტელევიზია საზოგადოებრივი ძალადობის ფაქტორს, როგორც ეკონომიკური სიღარიბე, ცუდი სკოლები და უსახლკარობა?

ერთი რამ უდავოა: ტელევიზია ძლიერ ზემოქმედებს ბავშვის ქცევასა და ღირებულებათა სისტემის განვითარებაზე (ფილიპ რაისი).

ტელევიზიით ძალადობის შედეგები ზოგადად ასეთია: ბავშვები ეგუებიან ძალადობის საშინელებას. ისინი  თანდათან იყენებენ ძალადობას, როგორც პრობლემის გადაჭრის გზას; ახდენენ ნანახი ძალადობის იმიტაციას მაშინაც კი, როდესაც ოჯახში მსგავსი ტენდენცია არ შეიმჩნევა; რასაკვირველია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ტელევიზიით ძალადობა აგრესიისა და ძალადობის გამომწვევი ერთადერთი წყაროა, მაგრამ იგი მნიშვნელოვანი ბიძგის როლს თამაშობს.

გასათვალისწინებელია აგრეთვე, საქართველოში განვითარებული ტენდენციაც, რომ დღეს ოჯახების უმრავლესობაში ბავშვებისთვის ტელევიზია ელექტრონულ ძიძად გადაიქცა. ბავშვები, რომლებიც სკოლის შემდეგ მარტო არიან, რადგან მშობლები მუშაობენ, ქცევას თავიანთი მშობლებისგან კი არა ტელევიზიით სწავლობენ. ტელევიზია ძალადობის შეუდარებლად მეტ, უფრო მრავალფეროვან და რაც მთავარია, ნატურალისტურ სცენებს გვთავაზობს.

როგორც აღვნიშნეთ, ადამიანთა 2/3 ვიზუალისტია. ტელევიზია შეიცავს ვიზუალურ კომპონენტს: ჩვენ ერთდროულად ვხედავთ და ვისმენთ ამბავს. ნანახი ძალადობა მზა ხატია, რომელიც ბავშვის ფანტაზიის ამუშავებას აღარ საჭიროებს. ბავშვი ამ დროს პასიურია თავისი კრეატიული (შემოქმედებითი) შესაძლებლობებით. ტელევიზია ბავშვების ცხოვრების შემადგენელი ნაწილია და ამასთან, ერთმანეთში ურევს რეალურ და წარმოსახვით სცენებს. ამდენად, ბავშვისათვის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, როდის მთავრდება “ზღაპარი” და იწყება რეალური ცხოვრება.

უამრავი მეცნიერული ნაშრომია მიძღვნილი თუ რამდენად ვნებს ტელევიზორი ბავშვის განვითარებასა და აღზრდას, რომ ბავშვების საშველად ზომებია მისაღები თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დამნაშავე მაუწყებელი არაა მხოლოდ, არამედ უფროსების დამოკიდებულება მისდამი და მისი როლის არასწორი გაგება.

უფროსები, ხშირ შემთხვევაში თავად ზრდიან ეკრანისადმი ინტერესსა და მიჯაჭვულობას ანუ უნვითარებენ ბავშვს ტელევიზორის ყურების ჩვევას. როდესაც ბავშვები ტელევიზორთან სხედან ისინი მშვიდები, წყნარები არიან და ჩვენ განთავისუფლებულები ვართ მათი მოვლისგან. სწორედ ასე, მშობელი, თავად უწყობს ხელს ბავშვებს იპოვონ თავისთვის ახალი საქმიანობა და მშვიდდება ამით – “ბავშვი ხომ კმაყოფილია”.

საექსპერტო ჯგუფი მიიჩნევს, რომ სასურველია საზოგადოებაში მკვეთრად შეიცვალოს (შემცირდეს) არასრულწლოვანის მიერ ტელევიზორის ყურების ხანგრძლივობა და აქ მაუწყებელი არაა ფუნქციის მატარებელი. პირველადია მშობელი, მეურვე ან მზრუნველი პირი.

ზოგიერთი მკვლევარის აზრით, სკოლამდელი ბავშვისთვის ის არ უნდა აღემატებოდეს საათნახევარს კვირაში. დაწყებითი კლასისთვის – სამ საათს, მოზარდებისთვის – ხუთ საათს კვირაში. უფროსკლასელები უნდა არეგულირებდნენ ტელევიზორის წინ დროის გატარებას, რომ ამით არ ზარალდებოდეს სხვა საქმიანობა: სწავლა, კითხვა, სპორტული ღონისძიებები, საქმიანობა სახლში და ა.შ.  

ოჯახში უფროსებმა თვალი უნდა ადევნონ იმას, რომ ტელევიზორი არ გადაიქცეს ბავშვისთვის თავისებურ ნარკოტიკად. როცა ადამიანს აღარ შეუძლია მისი გამორთვა მაშინაც კი,  როცა გადაცემა არ მოსწონს ან უკვე ნანახი აქვს ფილმი ან მაინცდამაინც არ აინტერესებს, მაგრამ სხვა საქმიანობაზედაც არ გადადის.    იმისთვის, რომ ბავშვს არ განუვითარდეს და არ ჩამოუყალიბდეს ტელემანია, საჭიოროა მშობელმა გააკონტროლოს საკუთარი მისწრაფება, ლტოლვა ტელევიზორისადმი.

      ამდენად, ტელერადიომაუწყებლობის ზეგავლენა არასრულწლოვანებზე მავნეა, არა მხოლოდ იმის გამო რომ მის სამაუწყებლო ბადეში არასწორადაა დაგეგმილი სამაუწყებლო პროგრამები და დაშვებულია ალბათობა იმისა, რომ მოზარდი ზრდასრული პირისაგან დამოუკიდებლად უყურებს ან უსმენს გადაცემას, არამედ იმის გამოც, რომ არასწორად ხდება მაუწყებლის მიერ შემოთავაზებული პროდუქციის არასრულწლოვანთა მიერ გამოყენების ფარგლების განსაზღვრა საზოგადოებაში ზრდასრული და პასუხისმგებელი პირების მიერ.

      3. მიუხედავად დასკვნაში გამოყენებული მრავალი კვლევებისა, რომელიც ტელევიზორის უარყოფით როლს მიეძღვნა, სამაუწყებლო სივრცე უდავოდ ახდენს დადებით ზემოქმედებას ბავშვის ქცევაზე, თუ მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადე დაგეგმილი იქნება არასრულწლოვანთა ინტერესების გათვალისწინებით. ტელევიზორის მეშვეობით ბავშვმა შესაძლებელია ბევრი რამე ისწავლოს. კარგად ჩაფიქრებულ, გააზრებულ და შესრულებულ საბავშვო გადაცემაში ერთმანეთშია გადახლართული მრავალი თემა, როგორიცაა: თანამშრომლობა, თანაგრძნობა, მეგობრობა, მიზანსწრაფვა, აგრესიის კონტროლი და ა.შ.

           

            საბოლოო დასკვნა:

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ საექსპერტო ჯგუფის მიერ შემუშავებული შენიშვნები და წინადადებები აისახება საექსპერტოდ წარმოდგენილ ნორმატიული აქტის საბოლოო პროექტში, შეიძლება დავასკვნათ, რომ: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული და საექსპერტოდ წარმოდგენილი მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი ფსიქოლოგიურ ასპექტში და არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგან დაცვის კუთხით უნდა შეფასდეს დადებითად.

 

საექსპერტო ჯგუფის წევრები:

სოფიო ვერულაშვილი

თეონა ლომთაძე

ხატია ყურაშვილი

 

”ვამტკიცებ”

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი

სოფიო ვერულაშვილი

 

ბ. ა.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: