კოდექსის განხილვა


 My Title

 12 მარტი 2009

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება “მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” დამტკიცების თაობაზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი მიიღო. დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა სახის მაუწყებელს ავალდებულებს დაიცვას თანასწორობის, მრავალფეროვნების და შემწყნარებლობის პრინციპები. ასევე, დაიცვას არასრულწლოვანთა აუდიტორია მავნე ზეგავლენისგან და პატივი სცეს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების ხელშეუხებლობას.

2004 წელს მიღებული ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეთანხმებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მიღება დაევალა. დოკუმენტზე მუშაობა კანონის ძალაში შესვლის თანავე დაიწყო, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო საბოლოო ვარიანტის შემუშავება თითქმის ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა 2008 წელს განახლდა. მუშა პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ტელეკომპანიები :”რუსთავი2”, ”იმედი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”კავკასია” და ”მზე”, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები: ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”პედაგოგთა კავშირი”, კავშირი ”იბერიანა”, ”მედია საბჭო”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.

აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე დებატები დოკუმენტის ახალი ვერსიის დამუშავების პროცესსაც ახლდა. რის გამოც კომისიის არაერთი სხდომა გადაიდო. გარდა ამისა, კოდექსის პროექტი ფსიქოლოგიური დასკვნა-ანალიზისთვის საექსპერტო ჯგუფს გადაეგზავნა და მათ მიერ წარმოდგენილი შენიშვნები (რომელიც ძირითადად არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისაგად დაცვის თავს შეეხებოდა)  კოდექსში აისახა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი ევროპის საბჭოს ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა. მოგვიანებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გაიმართა სხდომა, სადაც მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტის განხილვის პროცესში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ევრო საბჭოს ექსპერტებმა, ქრისტოფორუს ქრისტოფორემ და სტივენ ვიტლიმ.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტი სამართლებრივი ექსპერტიზისთვის იუსტიციის სამინისტროს გაეგზავნა. იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული შენიშვნების გათვალისწინებით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი 2009 წლის 12 მარტს დაამტკიცა.

კოდექსის თანახმად, საქართველოში არსებულმა მაუწყებლებმა უნდა შექმნან თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი და სააპელაციო ორგანო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და კომპეტენტური პირებით. დაინტერესებული პირი, მისთვის მიუღებელი ინფორმაციის ეთერში გაჟღერების შემთხვევაში, უფლებამოსილია 10 დღის ვადაში მიმართოს მაუწყებელს და მოსთხოვოს მოცემული მცდარი ფაქტის შესწორება ან უარყოფა. მაუწყებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო ორგანოში 7დღის ვადაში. სააპელაციო ორგანო 30 დღის ვადაში განიხილავს ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირის საჩივარს და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ნაციონალურ მაუწყებლებს (”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”რუსთავი2”, ”იმედი”)  თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად ვადა 2009 წლის 12 სექტემბრამდე განესაზღვრათ, ხოლო დანარჩენ მაუწყებლებს სააპელაციო ორგანოს შესაქმნელად ვადა ერთი წელი მიეცათ, 2010 წლის 12 მარტამდე.

 

***

21 ნოემბერი 2008

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის განხილვა გაიმართა

 

დღეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მაუწყებელთა ქცევის კოდექსის საბოლოო განხილვა გაიმართა. სხდომაზე კომისიის წევრების გარდა, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა პროექტთან დაკავშირებულ საკითხებზე ემსჯელა.

დღეს მიღებული დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი ექპერტიზისთვის გადაეგზავნება.

საქართველოს კომუნიკაცეიბის ეროვნულ კომისიას ”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის თანახმად საქართველოში მოქმედ მაუწყებლებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე ქცევის კოდექსის შემუშავება დაევალა.

მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის შემუშავების პროცესში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გარდა, აქტიურად მუშაობდნენ შემდეგი ტელეკომპანიები: ”რუსთავი2”, ”იმედი”, ”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, ”კავკასია” და ”მზე”, ასევე საზოგადოების წარმომადგენლები: ”მართმადიდებელ მშობელთა კავშირი”, ”თავისუფლების ინსტიტუტი”, ”პედაგოგთა კავშირი”, კავშირი ”იბერიანა”, ”მედია საბჭო”, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი და მოქალაქე გიორგი ყიფიანი.

http://www.gncc.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1a10&info_id=6672

***

2008-11-20

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამმაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გამოაქვეყნა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის გადამუშავებული ვარიანტი გამოაქვეყნა.
„კოდექსის“ პროექტის საჯარო მოსმენა კომუნიკაციების კომისიაში გაიმართება 21 ნოემბერს, 16:00 საათზე.

”მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 27 ივნისს შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შესაბამისად, ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღების ვადამ გადაიწია 2009 წლის 1 იანვრამდე.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტის ნახვა ასევე შესაძლებელია მისამართზე: http://media.ge/files/codeqsi.doc.

 

 media.ge/ge

 

***

 

2008-11-21

კომუნიკაციების ეროვნული კომისიამაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტს იუსტიციის სამინისტროში გადააგზავნის

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, 21 ნოემბერს „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტს იუსტიციის სამინისტროში გადააგზავნის, სამართლებრივი ექსპერტიზისთვის.

ეს გადაწყვეტილება მარეგულიერებელმა ორგანომ 21 ნოემბერს „კოდექსის“ პროექტის ხმაურიანი განხილვის და მასზე გამოთქმული უამრავი შენიშვნიდან მხოლოდ ერთის გათვალისწინების შემდეგ მიიღო.

კომუნიკაციის ეროვნული კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კახი ყურაშვილმა დოკუმენტის განხილვის შემდეგ განაცხადა, რომ „იუსტიციის სამინისტრო უფლებამოსილია „კოდექსის“ პროექტი, როგორც ქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი, განიხილოს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად შეესაბამება ის მოქმედ კანონმდებლობას“.
„დოკუმენტის შინაარსის განხილვა სამინისტროს ფუნქცია არ არის“, თქვა ყურაშვილმა, “ექსპერტიზის გავლის შემდეგ, კომუნიკაციების კომისია პროექტის განხილვას ისევ მიუბრუნდება, ამჯერად, მისი დამტკიცების მიზნით, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დადგენილების მისაღებად“.

კახი ყურაშვილის განცხადებით, მაუწყებელთა ქცევის კოდექსის პროექტის საბოლო ვარიანტში ყველა მხარის – სოციალური ჯგუფებისა და მაუწყებლების – ინტერესი ვერ იქნებოდა მთლიანად გათვალისწინებული, თუმცა დოკუმენტი მაქსიმალურად დაბალანსებულია.

პროექტის ორსაათიან განხილვის დროს ერთმანეთს ოპონირებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და მართლმადიდებლური არასამთავრობო ორგანიზაციები უწევდნენ, კომუნიკაციების კომისიის მიერ დაქირავებული ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაცია კი, მის მიერ პროექტის ექსპერტიზის შედეგად წარმოდგენილი დასკვნის და პროექტში ასახული რეკომენდაციების დაცვას ცდილობდა.

„რუსთავი 2“-ის იურისტები დოკუმენტის განხილვის სამი დღით გადადებას ითხოვდნენ, ისევე როგორც მართლმადიდებლური ორგანიზაციები, რადგან ორივეს პოზიციით, პროექტი მხოლოდ გუშინ გამოქვეყნდა, ამიტომ მისი ბოლომდე გაანალიზება ვერ მოასწრეს და მხოლოდ რამდენიმე შენიშვნა წარმოადგინეს. კომისიამ ეს წინადადება უარყო.

„ეს არის პურიტანული კოდექსი, რომელიც მაუწყებლების ინტერესებს ზღუდავს“, ემოციურად განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა, „პროექტი ყოველი მოსმენის შემდეგ უარესდება.“
„რუსთავი 2“-ის კიდევ ერთმა იურისტმა კი წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ განხილვას არ ესწრებიან ტელეკომპანიები „იმედი“, „მზე“ და „კავკასია“.
„ისინი რომ აქ ყოფილიყვნენ, ჩვენს შეშფოთებას გაიზიარებდნენ და ჩვენს შენიშვნებს გაამყარებდნენ“, განაცხადა მან.

„მაგალითად, პროექტში ნათლად არ არის წარმოდგენილი ფარული რეკლამის განსაზღვრება. დავუშვათ, საინფორმაციო სიუჟეტში გაშუქებულია რომელიღაც სხდომა და ამ დროს მაგიდაზე დევს „ბორჯომის“ ბოთლი, რომელიც კადრში მოხვდა. „კოდექსის“ პროექტის მიხედვით, ეს კადრი, შესაძლებელია, „ბორჯომის“ ფარულ რეკლამად იქნეს მიჩნეული“, განაცხადა „რუსთავი 2“-ის იურისტმა.

„მიუღებელია პროექტის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი („აუდიტორიის შეცდომაში შეყვანის თავიდან აცილების მიზნით მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ახალი ამბების გაშუქებისას იუმორის, ირონიის ან სატირის გამოყენებისგან, ან ნათლად განმარტოს მათი მნიშვნელობა-media.ge), განაცხადა ტელეკომპანიის მეორე იურისტმა, “ეს ნორმა თუ დარჩა, ტელეკომპანიას აეკრძალება ისეთი სიუჟეტის გაშვება, როგორიც, მაგალითად, თენგო გოგოტიშვილმა („რუსთავი2-ის“ ჟურნალისტი-media.ge) მოამზადა ომის დროს. მხედველობაში მაქვს ის გახმაურებული სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი რუსი ჯარისკაცის ჯიბიდან მოპარული ჩანგლის ამოღებას ცდილობს და ირონიულ კომენტარებს ურთავს“, განაცხადა იურისტმა.

„გოგოტიშვილის კადრებით რას მოვაღწიეთ?“, იკითხა განხილვაზე მყოფმა ერთ-ერთმა „მართლმადიდებელმა“ ახალგაზრდამ, “ასეთი სიუჟეტები არ უნდა გადიოდეს“.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ თავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ კი კომუნიკაციების კომისიას ამჯერადაც მოსთხოვა, კოდექსში ასახულიყო მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ სოციალურ ჯგუფებს ან ინდივიდუალურ პირებს ჰქონდეთ უფლება, მაუწყებლის მხრიდან კოდექსის ნორმების დარღვევის ფაქტები სასამართლო ორგანოებში გაასაჩივრონ. „მაუწყებლის შესახებ“ მოქმედი კანონი მათ ამ უფლებას არ აძლევს. პასუხად კი, კახი ყურაშვილმა, უნგიაძეს შეახსენა „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი, რომლითაც ორგანიზაცია „მაუწყებლის შესახებ“ კანონით დაწესებული ამ შეზღუდვის გაუქმებას ითხოვს.

საკონსტიტუციო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაციის სარჩელს, სავარაუდოდ, დეკემბერში განიხილავს.
კახი ყურაშვილის თქმით, სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოქმედ კანონში და „კოდექსშიც“ შესაბამისი ცვლილება შევა.
„თუ ამგვარი ცვლილება მოხდა, კოდექსის ნორმების დარღვევისთვის თქვენ შეგეძლებათ მაუწყებლებს ჩვენთან, კომისიაში, ან სასამართლოში უჩივლოთ“, მიმართა ყურაშვილმა უნგიაძეს.
„კოდექსის“ პროექტის ბოლო ვარიანტის მიხედვით (მუხლი მე-10), მაყურებელთა საჩივრებს იხილავს თავად მაუწყებელი, ან „თვითრეგულირების სააპელაციო ორგანო“, რომელიც დაკომპლექტებულია „დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და, კომპეტენტური პირებით“.
მაუწყებლის მიერ საჩივრის განხილვის ვადა – 30 დღე – დღევანდელი განხილვის დროს შეტანილი ცვლილებით, შეიცვალა 21 დღით.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფრუიძემ, რომელმაც მხარი დაუჭირა დოკუმენტის განხილვის გადადებას, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ პროექტის ნაკლი ის არის, რომ ნათლად არ არის ჩამოყალიბებული „კოდექსის“ დარღვევის ფაქტების გასაჩივრების პროცედურები და ვადები.
„ამის გარეშე ვერანაირი თვითრეგულირების ორგანო გადაწყვეტილებას ვერ გამოიტანს“, განაცხადა ფრუიძემ.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ პროექტს ორი წელია იხილავენ, და ყოველი განხილვის შემდეგ, მისი გადამუშავება ხდება.
დოკუმენტის ყველაზე აქტიური ოპონენტები მართლმადიდებლური ორგანიზაციები არიან, რომელთა აზრით, არსებული მარეგულირებელი კანონი, არასრულწლოვანებს მავნე ზეგავლენისგან ვერ იცავს.
ამიტომ, ეს ორგანიზაციები „კოდექსში“ შემზღუდავი ნორმების მაქსიმალურად გამკაცრებას ითხოვენ.
საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 27 ივნისს შეიტანა ცვლილებები და დამატებები, რომელთა შესაბამისად, ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მიღების ვადამ გადაიწია 2009 წლის 1 იანვრამდე.

 

 

 

                           

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: