რა გვიხსნის


 

 

ლალი ბარძიმაშვილი,

ფილოლოგი

 

 

რა გვიხსნის, ანუ არჩევანის შემზარაობა

 

“ქვეყანას გული გადაუბრუნდა”

აკაკი

არსებობს აზროვნების სხვადასხვა საფეხური. ყველაზე მძიმე მიწიერი კატეგორიებით ხედვა და სულიერი შეზღუდულობაა. დღეს, უბრალოდ პატიოსანი და სინდისიერი ადამიანი გაიშვიათდა. სანატრელია მასშტაბურად მოაზროვნენი, გადარჩენილი სული ხომ სხვასაც იხსნის. დაცოტავდა სიკეთის მქნელი. ჩამოდგა უხერხული დრო. ჩვენს სახარბიელოდ არ არის ჟამი. ამაოდ ვჭირისუფლობთ გალეწილ, მიწასთან გასწორებულ ქვეყანას.

აშკარაა ყველაზე საჩოთირო თემებზე გახსნილად საუბარი, რაც არც თუ უწყინარი მიზნით ხდება. უსუფთაო გულის ამბები სულს ამღვრევს. უზნეობის მოკიჟინე საკმარისზე მეტი აღმოჩნდა. ყველაზე ეგოისტურის გაფეტიშება ხდება. სამწუხაროდ, ქართველობა ხშირად ვერ ითვალისწინებს სადაა საზღვარი ჩვენისა და უცხოსი… დღევანდელი გაუცნობიერებლობა ხვალ სასჯელად გვექცევა. ლამის ტრადიციად იქცეს სხვადასხვა უწმაწურობა. ტაბუდადებული დღეს აღარაფერია, ეროვნული საქმის გარდა. მთლიანად წვდომადი და ნივთიერ–ხორციელი სახე მიიღო დღეს ყველაფერმა. თავს უხერხულად აღარავინ გრძნობს. მეტყველება–აზროვნებაც აქეთ მიდის – არაღირებულისკენ, არასულიერისკენ, გამარტივებისაკენ. სხვა ცნობადები გვყავდა, სხვაგვარად იდიდეს. ყოველთვის მიჭირს გავიგო ღრმად მიწიერი და უღირსი ამბები. ვის სურს გვაქციოს უნებელო საზოგადოებად?! დავივიწყეთ, რომ ყველაფერთან შეგუების პროცესი დამღუპველია. საქართველოს მოწამლული საკენკი შეატყუეს და ჭრის მისი მარცვლების ავბედითობაც. სკოლაში რელიგიაზე საუბარი აიკრძალა, პედაგოგის “ეთიკაც” მკაცრად “განსაზღვრეს”. მანდატურები პედაგოგებსაც მეთვალყურეობენ. სხვადასხვა არხებზე უმანკოების წინააღმდეგ გადაცემებმა იმატა. ამ ინსტიტუტის გაუქმებაზეც მარდად ალაპარაკდნენ, ახმაურდნენ. დაიკარგა დროში პასუხისმგებლობის განცდა – ამ ამბავს როგორ შეხედავენ შემდგომ შვილები? აქ საუბარი არაა მეორედ ქორწინებაზე, სხვა რამის შემოთავაზება ხდება. და ამაში რა შეიძლება იყოს კარგი? მრავალპარტნიორობის ინსტიტუტი მისაღებია? ბედის განზრახ გაფუჭება და გვირგვინახდილობა რით გამართლდება შემდგომ? ქორწინება ხომ ერთ–ერთი საღვთო საიდუმლოა. “ქართული მიდგომაც” კარგად დაამუნათეს, გამოირიცხა თავშეკავების ლამაზი შესაძლებლობა, სიყვარულის იდუმალება–მიუწვდომლობის მთელი ხიბლი. “ოდეს ტურფა გაიაფდესო” – თქვა დიდმა წინაპარმა. განა შეიძლება უდიერი დამოკიდებულება ასეთი მიდგომებისადმი? ერთი გენიოსისა არ იყოს – “ზოგჯერ საუკუნეც ცდება”. დასავლეთიდან მტვრიანმა ქარმა დაუბერა. ყველას უნდა ჰქონდეს “თავის საუკუნესთან ბრძოლის უნარი”, როგორც ითქვა ჭკვიანი მოღვაწისაგან. ემილ ზოლა – კლასიკოსი მწერალი სწორედ ამას გულისხმობდა, როცა წერდა: “ეს, გასართობები, რომლებმაც ქალების უმეტესი ნაწილი უფრო გარყვნეს, ვიდრე გამოასწორეს”. მახსენდება მისი რომანი “ფული”, სადაც სწორედ ფულის გიჟური მოთხოვნილება გაამათრახა და იწინასწარმეტყველა, რომ “მომავალი კაცობრიობის სასუქი ფული” იქნებოდა. მან კარგად შენიშნა, რომ “ვინც სიმდიდრე დაყნოსა დამპალი ვაშლებივით აფუჭებენ ერთმანეთს”. ვეთანხმები, რომ “ზოგ წრეში დაუსჯელად ვერ იცხოვრებს ადამიანი”, რომ თუ რწმენით იპყრობდნენ, ახლა “ფულით დაიპყრობენ”, ცხადია, ასეთი არსებობა ვერ გასცდება ამქვეყნიურის საზღვარს, ამაზეც ცოტა ფიქრობს… მომრავლდნენ ფულის კაცები, კუჭის კაცები, მაგრამ სულის კაცები სადღა არიან? ვინ ვისი ალაგი მოიკავა? აქვე ადუღებენ სამერმისო კუპრს. ხომ არსებობს ისეთი რამეებიც, რაც არ ექვემდებარება დროს? ადამიანის სულის მოშლა და გაფუჭება არავის ეპატიება თუმცა იგი ყოველთვის ისეთია როგორიც თავად უნდა რომ იყოს, მაგრამ ჩვენ რისკენ ვუბიძგებთ? რას ვთავაზობთ? სულხან–საბა ცოდვას ასე განმარტავს:

“ცოდვა ბუნების გარეგანი – სოდომური.

ცოდვა შემთხვევითი – ანაზდეული ქმნილი და არა ჩვეულებითი.

ცოდვა ჩვეულებითი – შეჩვეული და მრავალგზის ქმნილი”.

სწორედაც, ცოდვა “შემთხვევითი” ცდილობენ ჩვეულებითი გახადონ. დღეს მოწოდების სიმაღლეზე არ დგას არავინ! ეტყობა, ევროპისკენაც ძალიან ბნელი დერეფნებით მივდივართ. მორალური უღონობა დაგვღუპავს. ერთ–ერთ გადაცემაში იმაზეც იყო ბჭობა, (ეკა ხოფერიას გადაცემა), რუსულენოვანი ძიძა უფრო სახარბიელოა, თუ ინგლისურენოვანი. ხდება სულიერი ცოდნის გაქარწყლება და არც დამცავი ფაქტორი არსებობს, აღარც იდეასთან განმარტოებული გმირები გვყავს, დროის ურჩობა ფატალიზმად რომ ექცეოდათ და გაქვავებულ ყოფას რომ ებრძოდნენ მარტომხედრები. ცნობიერება არ სურთ იმ მადლამდე მიუშვან, თუ სულის სასარგებლო რაა. მკვიდრდება ვარსქენის სინდრომი – უსირცხვილობის, ცქირების ბნელმოქმედება ახლაც გვიტევს და არ არსებობს სხვა ხვედრი, ამის საპირისპირო… ყველაზე მდაბიო და სათაკილო ქვეენაინსტინქტებია წახალისებული. მოდი და ისევ ემილ ზოლა არ გაიხსენო – “ბრიყვები კი უფრო ზევით იწევენ, რათა უფრო მაღლიდან დაეხეთქონ ძირს”. მუდამ ასე იყო, ერთი ხელი რომ კულტურას ქმნიდა და სანთელს ანთებდა, პირჯვარს იწერდა, მეორე – უღირსის ხელი ეკლესიებიდან ჯვარს ხსნიდა. ესეც კოშმარული სინამდვილე იყო! დიდი ერისკაცებიც ასეთმა ხელმა მოკლა! ცხოვრება ყოველთვის ნამდვილ გმირებს ეჯიბრება. სამშობლოს საკურთხეველთან ეცემოდნენ დაფლეთილი რაინდები. ამ თავგანწირვაში იყო გადარჩენის ნიშანი. მათ ჰქონდათ ცხოვრებასთან ომი და იცოდნენ ღირსების ფასი. არ ისურვეს არსებობა ჭაობში. ბრიყვთა აღზევებაში კი სიკვდილის ნიშანი მალავს თავს! სამწუხაროდ, არც ზნეობის მტერს ჰყავს მძინარე აუდიტორია, ის მოქმედებს! ინგლისურენოვანი ძიძა კარგ რამეს კი ასწავლის ჩვენს შვილებს; აი, სადამდე მივიდა საკუთარის უარყოფა და სნობიზმი. ჩვენი “შორსმჭვერეტელობა” უცხოეთის საზღვრებს აღარ სცილდება ამადაც… ზოგიც ასე აღზევდა და მისი გონება–ქონებაც ასე დაძმობილდა. გონება ქონებისათვის გაცვითეს…

არსებობა ითვალისწინებს თანამოძმეთა და ქვეყნის ხვედრის გაზიარებას; ღალატის გზა კი დაღუპვის გზაა, აქ ჩანს გარდაუვალი სიკვდილის ცნება, რომელიც თანსდევს ღალატს. არა და დღეს ყველგან ღალატობენ რაღაცას – ზნეობას, ადამიანობას, მოყვასის სიყვარულს და ა.შ. ღალატი სიკვდილის აქტია და სამუდამო დავიწყება. ამის სარწმუნოდ დიდ ერისშვილსა და ბუნების მგოსანს ვაჟას მოვუხმობ. ბუნება არ თანამონაწილეობს წიწოლას – “უჯიშო, სირცხვილიანის” ტრაგედიაში, ბუნება არ იზიარებს მის სიკვდილს. მისთვის მთელი გარემოა გაქვავებული, არ უთანაგრძნობს ცოცხალი სამყარო – ღამეს სძინავს, მთვარე ჩასვენებულა, იორი ყურსაც არ უგდებს. არაფერი არ უშლის ხელს, რომ გადააფიქრებინოს ბნელი ზრახვა. ხეზე თავის ჩამოხრჩობა – ესეც ღალატის სიმბოლო, (იუდამაც ხეზე ჩამოიხრჩო თავი), ესაა ფეხშეშლილი კაცის ხვედრი!

განა ამაოდ გვაფრთხილებენ გენიოსები?! სულმოკლეობა და სიხარბე ზნეობის ადგილს იჭერს. ვიღაცა მავანის ლუკმას ითვისებს, სხვა – თბილ ადგილს, ზოგი სულს ამახინჯებს; მოყვასს სწირავენ სასიკვდილოდ, საშიმშილოდ, მარტოობისათვის…

ყოველგვარ მამულიშვილურ გამოვლინებას თავის მომაკვდინებელიც ჰყავს. ისევ ვაჟას გავიხსენებ – ალეგორიულ მეტაფორას იისა და გველის. იაში მამულიშვილი იგულისხმება, იას ზიანს აყენებს გველი, მაგრამ ვერ სპობს, საწამლავი არ კლავს მას. მაგრამ ცხოვრებაში ვაი, რომ ჭრიდა ხშირად შხამი. სამწუხაროდ, ეს მშვენიერი ლექსი “კიდევაც ვნახავ გაზაფხულს” მისაღები გამოცდებიდან ამოიღეს. ისიც მინდა ვთქვა, რომ ღალატი არ იყო ქართველთა ორგანული თვისება, ამიტომაც იშვიათია ისტორია – ლიტერატურაში მაგალითები ამისა, რაც რუსეთმა მოიკიდა ფეხი, მერე გამრავლდა ეს ცოდვა. ბევრზე ჭრიდა მოსყიდვა და თანამდებობრივი ბანგი. მაგრამ მისი შავი ბილიკი მოკლეა. დღეს ყველაზე მეტად მოგვერია გარემო, ახლა გვჭირდება თუნდაც არა გამორჩეულობა–განსაკუთრებულობა, უბრალოდ ადამიანობა! წმინდანებს ადრე “მოარულ ეკლესიებს” ეძახდნენ, კვლავ გვინდა ასეთი მადლით დაძრულნი! გვიტევს ადამიანობის საზიანოდ ტელევიზია, პრესა, კომპიუტერი, რა აღარ შემოგვასაღეს… ფული გახდა ღერძი ცხოვრებისა, ახალგაზრდობის მთავარ სურვილადაც ის იქცა. ფული, “რომელიც სისხლზე მაღლა, ცრემლებზე მაღლა დგას და უსაზღვრო სიძლიერის გამო ადამიანურ სინდისზე მეტად უყვართ!” (ემილ ზოლა). ამაზე დიდი რაღა შეიძლება თქვას მწერალმა! მაგრამ ასეთი მორალური ცნებები როდი გვიჯდება გვამში! დღეს ჟურნალისტები ნადირობენ სულზე, არჩევანიც აღარ კეთდება სიკეთის სასარგებლოდ, რისი პოპულარიზაციაც ხდება, კარგად უწყის საზოგადოებამ. სულიერი ცხოვრების გზაზე სადღაც შევდექით და ცუდ დროს შევისვენეთ! სულში ბიწიერი ნაკადი იჭრება. ზნეობრიობა ირონიის საგანი ხდება. გამოვუდექით ამაო ცხოვრებას. ყველგან თავს მალავს წუმპე. სიცარიელე შემოგვესაზღვრა. დროის სიჭრელე–სისულელე თვალშისაცემია. ზნეობრივ და სულიერ საკითხებს ამდენი შემდავებელი არასდროს ჰყოლია. ურცხვმა სითამამემ ყველაფერს გადააჭარბა და გადაუარა. გვავიწყებენ წამზომის სიჩქარით მოარულ დროს და აღარც შორეთი გვახსოვს. სხვა პროგრამა შედის ფსიქიკაში. ეს ხომ თვითსიკვდილია. რას ვუცქერთ დაყურსულები?! მთელი საქართველო უძალო ბრინგად იქცა და აღარც უცხო საწყისის აღზევებას ვებრძვით. ხორცი გახელდა და სული ჩაცხრა, ჩაინავლა. აღარ გვახსოვს რომ “დაუძინებელ არს ეშმაკი ბოროტისათვის”, მომრავლდნენ ისეთნი – “ეშმაკნი რომ დამკვიდრებულ არიან მათ შინა”! (“სიბრძნე ბალავარისა”), “რომელნი ეძიებენ აქა სიმდიდრესა, მდიდარ თუ იყვნენ, გლახაკვე არიან გონებითა და ვერ განძღებიან”, “რომელმან მოიგონ აქა პატივი, მუნ ჰპოვონ შეურაცხებაი”, ხოლო ყოველივეს დაღუპავს ის, ვინც “თავისასა ეძიებს და არა კაცთასა”; “სიყვარულსა არა აქვს საზღვარი”, ამიტომაც მისთვის უნდა “დაუტეო გახრწნადი” ზღვარდებული ქვეყანა – “ეს სიბრძნე ბალავარისას” ძვირფასი შეგონებებია და ყველას ვთხოვ მის წაკითხვა–შესწავლას. სამწუხაროა, რომ სკოლაში არ ისწავლება ეს უძლიერესი ნაწარმოები, რომელშიც საოცარი იგავებია. ცხოვრების არსსა და სულიერი მიმართულების სწორად ძიებაზეა ის დაწერილი. ერთ–ორ გრანდიოზულ ადგილს სულიერი ზრდისა თუ უწლოვანობის შესახებ, ასევე საცდურზე გავბედავ და მოვუხმობ. ჭეშმარიტება ყოველგვარ დახშულ კარს აღებს, ასე მოხვდა ცხოვრების შეჭირვებებს გარიდებულ უფლისწულთან ქრისტიანი ბალავარი. ამცნო სიბრძნე და როცა ასაკი იკითხა მან, მიუგო – თორმეტისა ვარო. გაოგნდა უფლისწული, ხედავს რომ ის სამოცზე ნაკლების არაა და პასუხიც არ დააყოვნებს – “დაბადებით სამოცისა ვარ, მაგრამ როდესაც ღმერთს გაუსაკუთრე თავი ჩემი, ათორმეტი წელი არს, რამეთუ წინათ მკვდარი ვიყავ და ათორმეტი წლითგან ცოცხალ ვარ”. სიბრძნესნაზიარები მადლობის ნიშნად სიმდიდრეს სთავაზობს – შენს სულიერ ძმებს წაუღეო და საოცარი პასუხი უფლისშწულის კეთილ ქმედებაზე – “როგორ მივართო გესლი, რომელი აღაშფოთებს გონებასა”, მაშინ უფლისწულმა თავად ითხოვა ძაძის სამოსი და გლახაკივით შეიმკო. რამდენი ყოფილა უწლოვანი თუ სულიერად მკვდარი და “გესლში” მყოფი ამ სიბრძნის მიხედვით. სწორმოქმედების წიგნია ეს.

ესა თუ ის “არჩევანი” რაღა გასაკვირია, როცა ხედავ მცდარი გზით თავიდან წასულ კაცობრიობას და არსებობს არჩევანის დიდი შემზარაობა – როცა ბარაბა–ავაზაკი არჩიეს თავად ღმერთს. მერეც არა და არ გასწორდა შეცდომა. არა ერთხელ წავედით უღირსი გზით. არც ზვიადის მოწოდება შეისმინა ყველამ – ხელმეორედო ნუ დაადგებითო ბარაბას გზას! სიბრძნეს მაშინაც აქციეს ზურგი! ტვინშია ყველა სასიცოცხლო ფუნქცია, ძალა და სწორედაც ის მოაძაბუნეს!

მოდი და მწარედ ნუ გაიხსენებ აკაკი წერეთლის მოხმობილ იგავს, რომელიც ერთ–ერთ წერილში დაიმოწმა: “ეშმამ გუთნეული გააბა და ხვნა დაიწყო – შეხედა ბეჩავმა ხალხმა და თქვა – ბიჭოს, ე ჩვენი ეშმაკი არკი მორჯულებულა და კეთილი ხელობა დაუწყიაო. შეეშველნენ, ზოგმა სახრე მიაწოდა, ზოგმა “ხიო” მიაძახა (იგულისხმება გამხნევება), ზოგი წინ წაუძღვა, ზოგიც უკან მიჰყვა და ა.შ. დახნა ხელ–შეუშლელად, დათესა და გაქრა. გავიდა დრო, ამოვიდა თესლი, დამწიფდა. მაგრამ თქვენს მტერს! სულ ნარი და ეკალი! მაშინ კი შექმნეს ღრიალი – ეს რა მოგვივიდა, რატომ არ ვიცოდით, რომ ის საკეთილოდ არას დახნავდა და სასარგებლოს არას დათესავდაო”.

ასე გვემართება ხოლმე ხშირად! აქ ქართველების ტრაგიკული მიამიტობა იკითხება! ჩემს წერილებში ხშირია მაგალითები, იქნებ ჩემზე ბევრად დიდ ავტორიტეტებს მაინც ერწმუნონ! თვითაღდგენა ხომ სწორი თვითშეფასებიდან მოდის. მორალურად გამართულ ადამიანზე მშვენიერი რაა! მაინცდამაინც სიმართლის გზაზე გვისხლტება ფეხი… ბოროტება ყოველთვის არაა პირდაპირი, ის ზოგჯერ შეფარვით მოქმედებს, ამიტომაცაა საშიში; ნუ დავექვემდებარებით იმას, რომელიც “ლტოლვილად ცათაგან” იწოდება და თვით ღმერთმა გააძევა!

დღეს ყველა ერთის წინააღმდეგაა – ზნეობის, მათგან განსხვავებულნი კი სადღაც მიგვჩეხეს!..

 

 გაზეთი “განმათავისუფლებელი”, #27

 

 

 

 

2 Responses

  1. You completed certain good points there. I did searching on the subject matter and found most persons will go together with your blog

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: