ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები სკოლაში


დავით არაბიძე,

განათლების ეროვნული კავშირის მდივანი

საქართველოში სასკოლო განათლების სისტემამ ყველაზე დამანგრეველი დარტყმა, ჯერ კიდევ 1992 წელს მიიღო, როდესაც განათლების მინისტრად ქვეყანას კოტე გაბაშვილი მოევლინა. ე.წ. სახელმწიფო საბჭოს მიერ მინისტრად დანიშნულმა კოტე გაბაშვილმა სრულად დაანგრია ყველა ის საყრდენი, რაზეც დგას სკოლა, სასკოლო განათლება და აღზრდა. საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობილების შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ, ე.წ. სახელმწიფო საბჭოსა და ე.წ. დროებითი მთავრობის მთელი “მოღვაწეობა” მიმართული იყო ყოველივე ეროვნულის, დემოკრატიულისა და პროგრესულის ნგრევისაკენ. სკოლაში დაინგრა სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესი, დაინგრა დისციპლინა და წესრიგი, გაბატონდა პოლიტიკური ნიშნით პედაგოგთა დევნა, მოიშალა მეთოდური და თეორიული მუშაობა, სკოლამ პრაქტიკულად შეიცვალა ფუნქციური მნიშვნელობა. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და მონდომებით განხორციელდა უზურპატორთა მიერ მინისტრად მოვლენილი კოტე გაბაშვილის “მოღვაწეობის ჟამს”. ასე გაგრძელდა თერთმეტი წელი. 2003 წლის “ვარდების რევოლუციის” შემდგომ, კოტე გაბაშვილის მიერ დაწყებული “მოღვაწეობა”, სკოლის ერზაც–სკოლით ჩანაცვლების “საქმეში” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან გააგრძელა მისმა ვაჟმა გიორგი გაბაშვილმა. მისი აქტიურ–ინიციატივიანი მხარდაჭერით, 2004 წელს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ლომაიას “მომზადებული” “ზოგადი განათლების შესახებ” კანონით, რომელიც ასევე გიორგი გაბაშვილის აქტიურ–ინიციატივიანი “მოღვაწეობით” იქნა გატანილი, საბოლოოდ დააგვირგვინა მისი მამის დაწყებული “საქმე”. ამ დოკუმენტებმა ბოლო მოუღეს სკოლაში კონკრეტული დისცპლინების საფუძვლების ცოდნას, იგი ჩანაცვლდა უნარ–ჩვევებით. მოსწავლეებს წაერთვათ თეორიული ცოდნა, შესაბამისად აბსტრაქტული აზროვნების განვითარების საშუალება. ე.წ. საჯარო სკოლა იქცა დროებითი კონცენტრაციის დაწესებულებად, სადაც განათლება და აღზრდა პრაქტიკულად აღარ მიმდინარეობს. როგორც დირექტორები, ასევე ერზაც– თვითმმართველობის ორგანოები – სამეურვეო საბჭოები სამინისტროს მხრიდან ფარული ნომენკლატურული შერჩევითა და ასევე ფარული ადმინისტრაციული დანიშვნით ევლინებიან საჯარო სკოლებს.

რამდენადაც სკოლაში – კონცეფციამ და კანონმა ფუნდამენტალური გადატრიალება მოახდინეს და პედაგოგს დაუკარგეს განმანათლებლისა და აღმზრდელის ფუნქცია, ამ დროებითი კონცენტრაციის დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალურმა” რეჟიმმა “ჟანდარმთა კორპუსი” ანუ მანდატურთა სამსახური შეიყვანა. 2010 წლის ივნისში “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შეტანილმა ცვლილებებმა და დამატებებმა ამ ყოველივეს “სამართლებრივი” საფუძველი შეუქმნა.

საჯარო სკოლებში მანდატურის სამსახურის ამ ფორმითა და შინაარსით შექმნამ პედაგოგი საჯარო კომენტატორად აქცია, ხოლო მოსწავლის პირადი ცხოვრება და ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება სერიოზული და უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დააყენა. 2010 წლის ივლისში განხორციელებულმა ცვლილებებმა და დამატებებმა ზუსტად არ შემოსაზღვრა პირადი გასინჯვისას და ძალის გამოყენებისას მანდატურის უფლებამოსილების ფარგლები, არ გაითვალისწინა სკოლის დისციპლინის დაცვის მოტივით შემზღუდველი ღონისძიებების გამოყენების საერთაშორისო სტანდარტები, დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის მე–17 მუხლი და შექმნა ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ისეთი რისკი, როგორიც არის მოსწავლის ფიზიკური დასჯა.

2011 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით პარლამენტს წარედგინა “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატების შესახებ კანონის პროექტი. ამ შემთხვევაშიც გიორგი გაბაშვილის აქტიური ინიციატივით 2011 წლის მარტშივე პარლამენტმა მიიღო ეს კანონპროექტი. შედეგად, “ჟანდარმთა კორპუსმა სკოლაში”, ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მანდატურის სამსახურმა არა მარტო შეინარჩუნა, არამედ დაიმატა მართლაცდა “ჟანდარმული” ფუნქციები. ეს ცვლილებები ისეთ ახალ გამოწვევებს უყენებს საზოგადოებას, რომ აუცილებელია მასზე განსაკუთებული ყურადღების გამახვილება.

ა) პირადი გასინჯვის უფლება

აღნიშნული ცვლილებით “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში მკიდრდება “პირადი გასინჯვის” ცნება, რაც გულისხმობს “მოქმედებას, რომლის მიზანია დისციპლინარული გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინარული გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინარული გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომელიც საჭიროა დისციპლინარული გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის მიერ ან მანდატურის არარსებობის შემთხვევაში სკოლის უფლებამოსილი პირის მიერ”. წარმოდგენილი ტექსტი არ აზუსტებს კრიტერიუმს, რაც გამიჯნავდა “პირად გასინჯვას” ჩხრეკისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე–20 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ჩხრეკისათვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილება ან კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ თავის ერთ–ერთ გადაწყვეტილებაში გადაუდებელი აუცილებლობა შემდეგნაირად განმარტა: “გადაუდებლობა მიუთითებს დროის სიმცირეზე რაც უფლების შესაზღუდად მოსამართლის ბრძანების მოპოვების საშუალებას არ იძლევა და საჭიროებს დაუყოვნებლივ მოქმედებას”. ცვლილების მიხედვით კი “პირადი გასინჯვა” ტარდება იმის მიუხედავად, არსებობს თუ არა საკმარისი დრო მოსამართლის ბრძანების მოსაპოვებლად. ამასთან, დღის წესრიგში დგება პირადი გასინჯვის ჩხრეკისაგან გამიჯვნის საკითხი, რადგან იგი წარმოადგენს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევის მძიმე ფორმას. ცვლილების მიხედვით “პირადი გასინჯვისას” არ არსებობს მასზე ავტომატური სასამართლო კონტროლი.

რა შეიძლება იყოს ამ ცვლილების ალტერნატივა. ნათელია რომ მას შემდეგ, რაც საჯარო სკოლაში დღისით–მზისით სანთლით ხელში საძებარი გახდა წესრიგი და დისციპლინა, საჭიროა კონკრეტული ზომების მიღება, რომ დაცული იქნეს უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, პირადი გასინჯვა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო საგნებისა და ნივთიერებების ამოღების მიზნით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებენ კონკრეტულ პირზე. აღნიშნულ პირს უნდა ეთხოვოს ნებაყოფლობით წარმოადგინოს საეჭვო საგანი ან ნივთიერება და მხოლოდ უარის შემთხვევაში მოხდეს პირადი გასინჯვა ეთიკის ნორმების დაცვით. პირადი გასინჯვა შეიძლება მხოლოდ სკოლის დირექტორისა და კლასის დამრიგებლის თანხმობითა და თანდასწრებით მანდატურის მიერ. კატეგორიულად დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა სხვა მოსწავლეების თანდასწრებით. ზემოთ აღნიშნული ნორმების დაცვის გარეშე არ შეიძლება არავითარი პირადი გასინჯვა.

ბ) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება

ცვლილებებმა, მანდატურებს მიანიჭა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება. საქართველოს კანონი “ზოგადი განათლების შესახებ” არ აკონკრეტებს, თუ რა ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებები შეიძლება იქნეს გამოყენებული მანდატურის მიერ. თუმცა, თუ “პოლიციის შესახებ” კანონში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ სპეციალური საშუალებებია: “ხელბორკილი ან შებორკვის სხვა საშუალება, არალეტალური იარაღი, რეზინის ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქ–ბგერითი მოწყობილობა, დაბრკოლების დამანგრეველი და ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და ცხენები, ელექტროშოკური მოწყობილობა”.

გამოდის, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინის დაფუძნებულ “სკოლის ჟანდარმთა კორპუსს” საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად შეუძლია მიმართოს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, როგორიც არის ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წყალსატყორცნი და ჯავშანმანქანა, დააკავოს პირი და აიძულოს ძაღლებითა და ცხენებით, ელექტროშოკით.

ამ მიზნით საჯარო სკოლა აპირებს მოსწავლეებს ისეთი უნარი და ჩვევები განუვითაროს, რომელიც შეიძლება მართლაც გამოადგეს საბაზრო ფუნდამენტალიზმის დიქტატურის პირობებში, მაგრამ სჭირდება კი საქართველოს სკოლებში რეზინის ტყვიების ზუზუნი, დატბორილი საკლასო ოთახები ან ცრემლსადენი გაზით გაჯერებული დერეფნები? თუ, უკეთესი იქნება, სკოლას დაუბრუნდეს განათლებისა და აღზრდის ფუნქცია, ხოლო სკოლაში მომუშავე პერსონალს პედაგოგის უფლება–მოვალეობა.

ბავშვის უფლებების კონვენციის საფუძველზე შექმნილმა ბავშვის უფლებების გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტმა 2007 წლის 2 მარტს გამოქვეყნებულ თავის კომენტარების მე–15 პუნქტში აღნიშნა: “მასწავლებლებს, სხვა პირებს, რომლებიც დაწესებულებაში მუშაობენ ბავშვებთან, მათ შორის კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ ბავშვებთან… უნდა ჰქონდეთ გავლილი ტრენინგი ასეთი ბავშვების მიმართ მინიმალურად აუცილებელი ძალის გამოყენებისას”. მანდატურების მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ტაქტიკასთან დაკავშირებით ბავშვის უფლებების კონვენციის შესაბამისი ტრენინგები დღემდე არ გაუმართავს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ბავშვის უფლებების გაეროს კომიტეტმა თავის კომენტარებში ასევე აღნიშნა: “მინიმალურად აუცილებელი ძალა ყოველთვის გამოიყენება დროის ყველაზე უმოკლეს პერიოდში. აუცილებელია დეტალური ინსტრუქციები, რათა მინიმუმამდე დავიდეს შემზღუდველი ძალის გამოყენება და გამოყენებული მეთოდი იყოს უსაფრთხო და სიტუაციის პროპორციული. უნდა გამოირიცხოს კონტროლის ფორმად ტკივილის განზრახ მიყენება”.

“ზოგადი განათლების შესახებ” კანონში აუცილებლად უნდა აისახოს შემდეგი:

1) განზრახ ტკივილის მიყენება და დამცირება აკრძალულია;

2) გამოყენებული ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალება არ უნდა უქმნიდეს პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხეს;

3) ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებების გამოყენება უნდა იყოს გადაუდებლად აუცილებელი და პროპრორციული;

4) ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების ყოველი ფაქტი უნდა ეცნობოს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისს;

5) სპეციალური საშუალებებიდან რჩება მხოლოდ ის საშუალებები, რაც დასაშვებია არსებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და საფრთხეს არ უქმნის ადამიანის სიცოცხლეს.

გ) საგანმანათლებლო დაწესებულების რეგულირება

ცვლილებების მიხედვით საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური იქმნება, როგორც ზო-გადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იმ ვითარებაში, როცა არსებობს კანონი “უმაღლესი განათლების შესახებ” და მასში არაა გათვალისწინებული მანდატურის სამსახური. “ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ასეთი ნორმის აღნიშვნა, სულ მცირე, კანონთა შორის წინააღმდეგობას წარმოშობს.

აღსანიშნავია, რომ მანდატურის სამსახური განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ამ სკოლებზე ბიუროკრატიული გავლენის ბერკეტს აძლევს. დღეს საქართველოს სასკოლო სისტემაში მიმდინარე “პერმანანტული რეფორმები” მხოლოდ და მხოლოდ ერთ სტრატეგიულ მიზანს ემსახურება. ეს არის უსამართლობისა და უთანასწორობის ბაზაზე აგებული სოციალური სელექციის სისტემის შექმნა. ასეთია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა.

რა შეიძლება ეპასუხოს ამ პოლიტიკას?

საქართველოს სამოქალაქო სექტორმა, განსაკუთრებით პროფკავშირებმა, პედაგოგიურმა საზოგადოებრიობამ, მშობლებმა უნდა გაშალონ სამოქალაქო–საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის სამოქმედო პროგრამის საფუძველი უნდა გახდეს მოთხოვნები:

ა) სოციალური სამართლიანობა და თანასწორობა განათლების მიღებაში, ანუ ერთი ერი ერთიანი სასკოლო სისტემა;

ბ) საერთო მეცნიერულ განათლებაზე დაფუძნებული ერთიანი ეროვნული სკოლა;

გ) სკოლის ორგანიზაცია რესურსების მობილიზაციისა და კოორდნაციის საფუძველზე;

დ) სკოლის მიერ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ეფექტური მონაწილეობისათვის მზადყმოფი მოქალაქის აღზრდა;

ე) სწავლების შინაარსის ჩამოყალიბება ქართული კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით.

ნათელია, რომ სკოლის ჰუმანიზაცია მხოლოდ პასუხისმგებლობის, წესრიგისა და დისციპლინის საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს. ამ საქმეს კი შეიძლება მხოლოდ პედაგოგიურმა საზოგადოებრიობამ და სამოქალაქო–სოციალურმა მოძრაობამ გაართვას თავი და არა, ბიუროკრატიულმა ვოლუნტარიზმმა თუ სუბიექტივიზმმა, თუნდაც მას ზურგს “სასკოლო ჟანდარმერიის კორპუსი” უმაგრებდეს.

 

2011

გაზეთი “განმათავისუფლებელი”  N28

 

                  

 

Advertisements

One Response

  1. კომუნისტურ რეჟიმს ერთი რამ ნამდვილად დადებითი ქონდა, ეს იყო აზრდა -განათლება სკოლებში. არც შემომედაოს ვინმე მაგაში . ნეტა იმ ძველი და მოხუცი ლექტორების წაკითხული ლექციები მომასმენინა….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: